ახალი ამბები

რატომ მალავს საზმაუ დირექტორის კონსულტანტების ვინაობასა და ხელფასს

17 თებერვალი, 2017 • 6825
რატომ მალავს საზმაუ დირექტორის კონსულტანტების ვინაობასა და ხელფასს

რამდენი კონსულტანტი ჰყავს და რა უჯდება საზოგადოებრივ მაუწყებელს გენერალური დირექტორის კონსულტანტების ანაზღაურება? ვასილ მაღლაფერიძე სწორედ კონსულტანტების ჯგუფთან ერთად მუშაობს მაუწყებლის ბიუჯეტიდან თანხების გამოთავისუფლების სქემაზე, რომლითაც 2017 წელს უნდა დაიზოგოს 15 მილიონი ლარი.

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის 1–ლი ნაწილის “ნ” პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში (ადმინისტრაციულ ორგანოში) დაცული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას. ამავე კოდექსის 44–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა [ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 27(დ)] პერსონალური მონაცემების გარდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 41(2) მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2(1) მუხლის “ნ” პუნქტის, 10(1), 271, 28(1) და 41(1) მუხლების თანახმად, მოკლებული ვართ საშუალებას გადმოგცეთ ინფორმაცია სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის: გენერალური დირექტორის კონსულტანტების ვინაობის და მათი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ”, – ეს არის ამონაწერი “საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” მიღებული პასუხიდან შეკითხვაზე, რომლითაც ჩვენ მათ 9 თებერვალს მივმართეთ და გამოვითხოვეთ კონსულტანტების ვინაობისა და ანაზღაურების შესახებ ინფორმაციას.

რამდენად შეესაბამება კანონს მაუწყებლიდან მიღებული ეს პასუხი? – როდესაც ისინი არ გასცემენ არც კონსულტანტების ვინაობას და არც მათთვის გაცემული ანაზღაურების ოდენობის შესახებ ინფორმაციას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, იურისტი სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია გასცეს კონსულტანტთა ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია, თუ მათი სახელი და გვარი არ არის მითითებული განცხადებაში.

“თუ მოთხოვნა იქნება სახელის და გვარის გარეშე, პოზიციების მიხედვით, რამდენს შეადგენს მათი ანაზღაურება, ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა იყოს დახურული ინფორმაცია ამ შემთხვევაში. რაც შეეხება იდენტიფიცირებას სახელით და გვარით, ერთადერთი, ეს არის გენერალური დირექტორი, ვინც ავსებს ქონებრივ დეკლარაციას და მის შესახებ ინფორმაცია ისედაც ღიაა. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს დამტკიცებული საშტატო განრიგი და ბევრი რამ არის არეული ერთმანეთში,” – ამბობს იურისტი.

“ნეტგაზეთის” წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წლის 10 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონსულტანტის პოზიციაზე დაიქირავეს ნოდარ ჭიჭინაძე და ვახტანგ სალია, ხოლო 13 იანვრიდან – ია ანთაძე. წყაროს ცნობით, ამ სამი კონსულტანტის თვიურმა ანაზღაურებამ შეადგინა 13 200 ლარი, ანუ თითოეულისთვის – 4 400 ლარი. წყარომ ასევე გვაცნობა, რომ ეს ადამიანები ისე დაიქირავეს, რომ კონტრაქტებში არ არის გაწერილი მათი სამუშაო აღწერილობა.

საზოგადობრივ მაუწყებელში ოფიციალურად მოწერილი წერილით დაგვიდასტურეს, რომ სამუშაო აღწერილობები ამ ეტაპზე სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელში” დამტკიცებული არ არის. კონსულტანტებთან დაკავშირებით კი გვიპასუხეს:

სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორის 2017 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით ჰყავს 2 (ორი) კონსულტანტი. ამასთან, 1 (ერთი) კონსულტანტი მიღებულია 01.05.2016 წ. ვადით 18.02.2017 წ.–მდე, ხოლო, 1 (ერთი) კონსულტანტი – 06.10.2015 წ. განუსაზღვრელი ვადით.

ია ანთაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ თავიდან მას ჰქონდა სხვა ხელშეკრულება, რომელშიც ეწერა, რომ ის არის გენერალური დირექტორის კონსულტანტი.

“მაგრამ იმის გამო, რომ ამ სტატუსით აღმასრულებელი საბჭოს მუდმივი წევრი ვერ ვიქნებოდი (ახლა ეს აღმასრულებელი საბჭო არის რეფორმის მთავარი ორგანო; ჩვენ დავდივართ ყველგან, ყველა კითხვას ვპასუხობთ და განცხადებებს ვავრცელებთ სწორედ ამ აღმასრულებელი საბჭოს ეგიდით), ამიტომ მე ვარ იმ ორგანოს წევრი ახლა და ამ წუთას ჩემი სტატუსი არის ასეთი: სტრატეგიული განვითარების ცენტრის ექსპერტი”. მისი თქმით, ნოდარ ჭიჭინაძესაც მისი მსგავსი პოზიცია აქვს ამ დროისთვის მაუწყებელში.

რაც შეეხება შეკითხვას ანაზღაურების ოდენობაზე, ია ანთაძემ ასე გვიპასუხა:

“ეს ეხება სხვა ადამიანებსაც და ამიტომ ვერ გეტყვით მხოლოდ და მხოლოდ. არ მაქვს უფლება, რომ ვისაუბრო სხვების მაგივრად. ისე, საერთოდ, ჩემი პრინციპია ცხოვრებაში, რომ ადამიანი იმდენ ხელფასს არ უნდა იღებდეს, რომ გრცხვენოდეს მერე ამის გასაჯაროება. ეს არის ჩემი პრინციპი და ამას არ ვარღვევ არასდროს”. 

როგორც სულხან სალაძე ამბობს, საზოგადოებრივ მაუწყებელში დიდი ხანია მოუწესრიგებელია შრომის ანაზღაურება, რაც არის სერიოზული პრობლემა:

“მაგალითად, ახლა რომ დანიშნეს ია ანთაძე და ნოდარ ჭიჭინაძე ექპერტებად სტრატეგიულ სამსახურში, სტრატეგიულ სამსახურში ექპერტის პოზიცია უნდა იყოს თუ არა საერთოდ, ესეც კი არ არის დადასტურებული საზოგადოებრივ მაუწყებელში. ხვალ შეიძლება ექპერტად აღარ ჰყავდეთ და იმავე სამსახურში ჰყავდეთ მრჩევლად. ასე რომ, ეს არის სერიოზული პრობლემა მაუწყებელში, როდესაც მოუწესრიგებელია შრომის ანაზღაურება”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თქმით, ამ მოცემულობით სარგებლობს ვასილ მაღლაფერიძე და ჯერ კონსულტანტებად ნიშნავს ადამიანებს, შემდეგ კი სტრატეგიულ სამსახურში გადაჰყავს.

“ამ ლოგიკით, გენერალურ დირექტორს შეუძლია ძალიან ბევრი ადამიანი დანიშნოს ექსპერტად სტრატეგიულ სამსახურში. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემი ინფორმაციით, როდესაც ბიუჯეტი მტკიცდებოდა, იმ მრჩევლებისა და კონსულტანტებისთვის ანაზღაურება გათვალისწინებული იყო 18 თებერვლამდე, ვისაც ეწურებოდა შრომითი კონტრაქტები. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჰქონდა მუდმივი კონტრაქტი, ეს არის თამაზ ტყემალაძე. მისი თანხა ისედაც გათვალისწინებული იყო ბიუჯეტში, მაგრამ ია ანთაძე და ნოდარ ჭიჭინაძე ბუნებრივია ფიზიკურად ვერ მიიღებდნენ ანაზღაურებას ბიუჯეტის იმ ნაწილიდან, სადაც კონსულტანტების და მრჩევლების თანხა იყო გათვალისწინებული. მაშინ ამას სჭირდებოდა ბიუჯეტში ცვლილება. ამიტომაც, ახლა, როცა გადაიყვანა ანთაძე და ჭიჭინაძე სტრატეგიულ სამსახურში გენერალურმა დირექტორმა, გაცილებით იოლად მისცემს მათ ანაზღაურებას,” – ამბობს სალაძე.

მაუწყებლიდან ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული განვითარების ცენტრის დირექტორის პაატა ქურდაძის ყოველთვიური ანაზღაურების შესახებ.

16 თებერვალს მაუწყებელმა წერილობით გვიპასუხა, რომ “დღეის მდგომარეობით, განცხადებაში აღნიშნული სახელით და გვარით (პაატა ქურდაძე) სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელში” დასაქმებული არ ირიცხება”.

პაატა ქურდაძემ გვიპასუხა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება სრული სიმართლეა და ჯერ კონტრაქტზე არ აქვს ხელი მოწერილი. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, ათი დღის განმავლობაში ჩამოვა თბილისში და განიხილავს შრომითი ხელშეკრულების დეტალებს:

“შესაბამისად, არ შემიძლია ლაპარაკი ჩემს ხელფასზე, რომელიც ჯერ არ მაქვს. ხელფასის შესახებ ინფორმაცია, როგორც ვიცი, საჯარო იქნება და შეგიძლიათ გაეცნოთ, როდესაც კონტრაქტს ხელი მოეწერება. წინასწარ ასეთ თემაზე ლაპარაკი მედიასთან არ მგონია მართებული. კონტრაქტის ვადებს რაც შეეხება, აქაც იგივე შემიძლია გიპასუხოთ, კონტრაქტი ჯერ არ არის შედგენილი, მოლაპარაკებული და ხელმოწერილი. ვარაუდებით კი, ცხადია, ვერ ვილაპარაკებ.”

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე 6 იანვარს აირჩიეს. მაღლაფარიძემ წარმოადგინა მისი და მისი გუნდის გეგმა, რომლის მიხედვით 2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა გადაცემა უნდა შეჩერდეს, გარდა “მოამბისა”, რათა გამოთავისუფლებული თანხით მოხდეს ტელევიზიის ოფისის გარემონტება და ტექნიკური გადაიარაღება. ამ გეგმას საზოგადოების ნაწილი არ ეთანხმება, ამჟამად განხილვები სამეურვეო საბჭოში მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი