ახალი ამბები

სახელმწიფო დაცვის სამსახურს პრეზიდენტი ვეღარ გააკონტროლებს

12 ნოემბერი, 2012 •
სახელმწიფო დაცვის სამსახურს პრეზიდენტი ვეღარ გააკონტროლებს

კანონპროექტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირინე იმერლიშვილის ინიციატივაა. მისივე  განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია საქართველოს მთავრობის, როგორც ქვეყნის თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველმყოფი კონსტიტუციური ორგანოს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების სრულფასოვანი შესრულების აუცილებლობით. 

 

“კანონი მომზადდება საქართველოს მთავრობის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი უმაღლესი კოლეგიალური ორგანოს კონსტიტუციური ფუნქციის განმტკიცების ხელშეწყობის აუცილებლობით. მისი მიზანია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფუნქციების, მათ შორის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების უფლებამოსილების და ასევე, შესაბამისი თანამდებობის პირთა დანიშვნის და გათავისუფლების უფლების ნაცვლად  საქართველოს პრეზიდენტისა  მთავრობის უფლებაში გადასვლა”,– განაცხადა იმერლიშვილმა. 

 

იმერლიშვილის თქმით, კანონპროექტი წარდგენილია პარლამენტის აპარატში, მას ბიურომ  უნდა მისცეს მსვლელობა. იმერლიშვილი ვარაუდობს, რომ  შესაძლებელია დღესვე მოესწროს კანონპროექტისთვის მსვლელობის მიცემა, თუმცა ვერმოსწრების შემთხვევაში მომავალ ბიუროს სხდომაზე კანონპროექტს მსვლელობა მიეცემა. 

 

“შემდეგ  განისაზღვრება შესაბამისი კომიტეტი, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი იქნება თემიდან გამომდინარე, ეს კომიტეტი დაელოდება სხვა კომიტეტების დასკვნებს, ფრაქციების დასკვნებს, მსვლელობაში შესვლიდან 14 დღის განმავლობაში ჩატარდება საკომიტეტო მოსმენა და დასკვნის შემდეგ  კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე გამოვა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი