ახალი ამბები

სააკაშვილი აშშ–ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა

12 ნოემბერი, 2012 •
სააკაშვილი აშშ–ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ევროსტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები.

შეხვედრას ქართული დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ. 

ქვეყნის პირველი პირი ასევე  ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის მილან შტეკისა და ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მიროსლავა ნემცოვას სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილს პირადად დახვდა ჰიუ ბეილი, რომელსაც დღეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად აირჩევენ.

 

მიხეილ სააკაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. პლენარული სხდომა პრაღის კონგრესცენტრში იმართება, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა. პრეზიდენტის გამოსვლა თბილისის დროით 3 საათზეა დაგეგმილი. 

 

პრაღაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ კარლ ლამერსთან და ევროსტრუქტურების სხვა წარმომადგენლებთან. ქვეყნის პირველი პირი საპარლამენტო ასამბლეაზე ნატო-ს გენერალური მდივნის პირადი მოწვევით გაემგზავრა. 

 

ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს პირველი პირი სამუშაო ვიზიტით ბელგიას ეწვევა, სადაც ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. ბრიუსელში ქვეყნის პირველი პირი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა კარნეგის ცენტრში.
 
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამუშაო ვიზიტით ასევე ბრიუსელში იმყოფება, სადაც დღეს და ხვალ ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგებლებს შეხვდება.

 

12-13 ნოემბერს დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან, ევროკომისართან ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან. შეხვედრა ასევე გაიმართება ბელგიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

 

14 ნოემბერს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი