ახალი ამბები

გედევან ფოფხაძე: ის, რაც ეკლესიაში ხდება, არ უნდა იყოს ეკლესიის მტრებთან განსახილველი

15 თებერვალი, 2017 • 6062
გედევან ფოფხაძე: ის, რაც ეკლესიაში ხდება, არ უნდა იყოს ეკლესიის მტრებთან განსახილველი

გედევან ფოფხაძე სასულიერო პირების მხრიდან ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებზე საჯარო განცხადებებს ეხმაურება და საზოგადოებას წლების მანძილზე, ეკლესიის დისკრედიტაციის მაგალითებს ახსენებს. მმარელი გუნდის წევრს მიაჩნია, რომ “რაც ეკლესიაში ხდება, არ უნდა იყოს ეკლესიის მტრებთან განსახილველი.”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, არანაირი საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარება არაა იმაზე მნიშვნელოვანი, რასაც ეკლესიის სახელისა და სიწმინდის გაფრთხილება ჰქვია.

“ყველას აქვს უფლება, სადაც უნდა, იქ დააფიქსიროს თავის პოზიცია, მაგრამ ის, რაც ეკლესიაში ხდება, ჩემი აზრით, უნდა იხილებოდეს წმინდა სინოდში და არა ტელეკომპანია რუსთავი-2-ში. გავიხსენოთ ყველამ კარგად, რა ხდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს. ხდებოდა ეკლესიის დისკრედიტაცია, სახელის და იმიჯის შელახვა. ის, რაც ეკლესიაში ხდება, არ უნდა იყოს ეკლესიის მტრებთან განსახილველი. უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც ყველაზე ღირებული გაგვაჩნია, ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტი ზუსტად რომ, მართლმადიდებლობაა, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია ზოგიერთი ეპისკოპოსის საჯარო განცხადებები, თუმცა ეს მათი უფლებაა. ჩემი პოზიცია კი ის არის, რომ ეს სინოდის შიგნით სალაპარაკო საკითხებია,” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რუსთავი 2-მა 13 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიპოვა წერილი, რომელიც სავარაუდოდ “მაღალი იერარქის სასულიერო პირის მკვლელობის დაგეგმის” ბრალდებით დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ილია მეორეს გაუგზავნა. წერილის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, როგორც დაკავებული დეკანოზის ადვოკატი აცხადებს, მამალაძემ მსგავში შინაარსის არაერთი წერილი გაუგზავნა სინოდსა და პატრიარქს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად დაკავებულმა გიორგი მამალაძემ შესაძლოა პატრიარქს იმ პრობლემების შესახებ მისწერა, რომლებიც საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ ვითარდებოდა.

წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ გიორგი მამალაძეს საპატრიარქოში არსებულ პრობლემებსა და კანონდარღვევებზე საჯაროდ საუბარს ქორეპოსკოპოსი იაკობი კატეგორიულად უკრძალავდა. თუმცა, ქორეპისკოპოსი იაკობი, რომელიც საპატრიარქოს ფინანსურ საკითხებს განაგებს, რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ წერილს ზღაპრებს უწოდებს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავა კი აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში ეკონომიკური კუთხით, შეიძლება საპატრიარქოში არსებული პრობლემების 50 პროცენტზე ნაკლები იყოს წარმოჩენილი. როგორც მიტროპოლიტმა გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, მისთვის ცნობილი იყო, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი მამალაძე დაინიშნა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურში, ის იყო ძალიან დაბრკოლებული იქ არსებული მძიმე, საგანგაშო მდგომარეობით, ეკლესიაში არსებული თაღლითური სქემების, თუ კორუფციული გარიგებების და ვერაგული დამოკიდებულების საპატრიარქოს ქონების მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი