ახალი ამბები

„ეს მე არ მეხება“ – შორენა თეთრუაშვილი მიტროპოლიტ პეტრეს ბრალდებებს პასუხობს

15 თებერვალი, 2017 • 5829
„ეს მე არ მეხება“ – შორენა თეთრუაშვილი მიტროპოლიტ პეტრეს ბრალდებებს პასუხობს

“ეს მე არ მეხება. ეტყობა, ეგ სულ სხვა ადამიანზე ლაპარაკობს და ეს მისი პრობლემაა,” – ასე პასუხობს შორენა თეთრუაშვილი მის მიმართ ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს. პატრიარქის მდივან-რეფერენტის კომენტარი ბერლინიდან “მოამბემ” გაავრცელა.

მანამდე, 14 თებერვალს,  მიტროპოლიტმა პეტრემ  “რუსთავი 2″–ს განუცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილს გარე, დამპყრობელი ძალა – რუსეთი მფარველობს. მისი თქმით, თეთრუაშვილი არის ყველაზე დიდი დასაყრდენი საქართველოში, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის თქმით, პატრიარქის მოწამვლის საკითხიც თეთრუაშვილს უკავშირდება და მას შეუძლია ცილისმწამებლური კამპანია აწარმოონ. როგორც მან გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, პატრიარქის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით “დამპყრობლური ძალის” მიერ კონტროლირებად მედიაში. მიტროპოლიტის თქმით, ეს არის შანტაჟი და “კაკებეშნიკური” მეთოდი: “თითქოს, ის პატრიარქს იცავს, თორემ მის გარეშე პატრიარქი შეიძლება ბევრად ადრე ყოფილიყო გაუგებარ მდგომარეობაში. ერთადერთობა პატრიარქის დაცვის – ამით გავლენის მოპოვება პატრიარქზე. მე ვარ არაერთი ფაქტის მომსწრე: თვითონ შეუქმნია პრობლემა ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის და თვითონვე მოუგვარებია და გაუბრიყვებია ხელისუფლების წარმომადგენლები.”

პეტრე ცაავა შორენა თეთრუაშვილს ჩრდილოვან მმართველობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტს უდიდესი გავლენა აქვს მღვდელმთავრების ნაწილზე, რომლებიც მის ნება-სურვილს უსიტყვოდ ასრულებენ. მიტროპოლიტის თქმით, შორენა თეთრუაშვილი მათ “ოქროს თევზებს” ეძახის. თეთრუაშვილის “ოქროს თევზებად” პეტრე ცაავამ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, ქორეპოსკოპოსი თეოდორე და პროტოპრესვიტერი, საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” გენერალური დირექტორი გიორგი ზვიადაძე დაასახელა. ბრალდებებზე საპასუხოდ ნეტგაზეთი გიორგი ზვიადაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან საჯაროდ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი