ახალი ამბებიკომენტარი

ბოტკოველი: დეკანოზის წერილში ფაქტები დრამატიზებულია, შეიძლება არ ასახავდეს რეალობას

14 თებერვალი, 2017 • 3329
ბოტკოველი: დეკანოზის წერილში ფაქტები დრამატიზებულია, შეიძლება არ ასახავდეს რეალობას

პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში ფაქტები დრამატიზებულია და შეიძლება რეალობას არ ასახავდეს. ამის შესახებ მან გადაცემა “არჩევანში” საუბრისას განაცხადა.

მიქაელ ბოტკოველის განცხადებით,  ამ წერილით მანიპულირება და ბრალის გადატანა პატრიარქის გარემოცვაზე, არ სურს:

“ბრალის გადატანა პატრიარქის გარემოცვაზე, თითქოს მამა გიორგის გმირად გამოყვანა, რომ საპატრიარქოში რაღაც ამხილა და შეიძლებოდა პრობლემები შექმნოდა, ამ თემის ასე გაჟღერებას არ ვისურვებდი. ამ წერილში ფაქტები აშკარად დრამატიზებულია. ეს წერილი შეიძლება არ ასახავდეს რეალობას. არ მინდა საზოგადოებამ ისე გაიგოს, რომ ამ წლების განმავლობაში პატრიარქის ქორეპისკოპოსები, პატრიარქის მდივანი მიზანმიმართულად ცდილობდნენ საპატრიარქოს ქონების სადმე გადამისამართებას და ეს დაფარული აღმოჩნდებოდა კათოლიკოს პატრიარქისთვის. ”

მიქაელ ბოტკოველი გამორიცხავს, რომ საპატრიარქოს, ან საპატრიარქოს რომელიმე წარმომადგენელს კერძო კომპანიებიდან შემოსავალი ჰქონდეს:

“შეიძლება, რაღაც ეტაპზე კიდევაც დაარსდა ასეთი შპს-ები, მაგრამ მას როგორც ასეთი, არ უფუნქციონირებია. ისევე როგორც სნოს შემთხვევაში, არანაირი გარიგება სნოსთან არ ყოფილა და ერთი თეთრიც კი არ შემოსულა საპატრიარქოში ამ კომპანიიდან. თუ ქორეპისკოპოსს, ან მდივანს რამე ქონება  ჰქონდა გასხვისებული, როგორ ფიქრობთ, პატრიარქი არ მოგვკითხავდა და არ მოიკითხავდა ამ ქონებას? მე ქონების მიმღები მხარე ვარ, მე ურთიერთობას ვაწარმოებ ხელისუფლებასთან ქონების გადმოცემაზე, ხოლო გადმოცემის შემდეგ ჩემი უფლებამოსილება წყდება და ქონება გადადის ქონების მართვის სამსახურში.”

 

რუსთავი 2-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიპოვა წერილი, რომელიც სავარაუდოდ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ილია მეორეს გაუგზავნა. ტელეკომპანიის ცნობით, წერილის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, “თუმცა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად დაკავებულმა  გიორგი მამალაძემ შესაძლოა პატრიარქს იმ პრობლემების შესახებ მისწერა, რომლებიც საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ ვითარდებოდა”.

ქორეპისკოპოსი იაკობი რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ წერილს,  ზღაპრებს უწოდებს.

ქორეპისკოპოსი არის კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილე სასულიერო პირი, რომელიც განაგებს საეკლესიო ცხოვრების გარკვეულ სფეროს. ქორეპისკოპოსს ნიშნავს და მათ რაოდენობას განსაზღვრავს კათოლიკოს-პატრიარქი.

ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივანის სახით); ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი.

_____________________________________________________________________________________

_____________________________

პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, “გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა”.

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

“გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – იუწყება პროკურატურა.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რუსთავის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამალაძის თქმით, მის მიმართ წარდგენილ ბრალში სასულიერო პირზე საერთოდ არაა საუბარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი