ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ-ის საელჩო: საელჩო გმობს არალეგიტიმური „რეფერენდუმის“ ჩატარების გადაწყვეტილებას

14 თებერვალი, 2017 • 3684
აშშ-ის საელჩო: საელჩო გმობს არალეგიტიმური „რეფერენდუმის“ ჩატარების გადაწყვეტილებას

“აშშ-ის საელჩო გმობს არალეგიტიმური „რეფერენდუმის“ ჩატარების გადაწყვეტილებას საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში, რომელიც 9 აპრილს არის დაგეგმილი”, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ “ასეთი პროვოკაციული ქმედებები კარგავს ნდობას და აკნინებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას”.

“ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს იმ უკანონო რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე გაიმართება. ორივე რეგიონი, სამხრეთ ოსეთიცა და აფხაზეთიც წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს. ჩვენ კვლავ მკაფიოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”.

აქვე, ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, როგორც ფორუმზე, სადაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილება.

“მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავი აარიდონ ქმედებებს, მათ შორის შემოთავაზებულ რეფერენდუმს, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას აკნინებს”.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამხრეთ ოსეთისთვის “ისტორიული სახელის – ალანიას” დაბრუნებაზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ. აღიშნული რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი