ახალი ამბები

‘იმედის’ საქმეზე ევროსასამართლოში განმარტება გაიგზავნება

7 ნოემბერი, 2012 •
‘იმედის’ საქმეზე ევროსასამართლოში განმარტება გაიგზავნება

ხუთი წლის წინ „ტელეიმედში“ სპეცრაზმის შეჭრისა და მედიის უფლებათა დარღვევის საქმეში – “გიორგი ახვლედიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” 10 ჟურნალისტის საქმეა გაერთიანებული, ესენი არიან: გიორგი ახვლედიანი, ანა გოჩაშვილი, ირაკლი მოსეშვილი, ჯონი კალანდაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი რუხაძე, ნინი საყვარელიძე, თეა სიჭინავა, დიანა ტრაპაიძე და ნინო ცხვარაშვილი.

 

აღნიშნული ჟურნალისტების სახელით „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა“ ევროსასამართლოს 2009 წლის ბოლოს/2010 წლის დასაწყისში მიმართა.

 

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის აგვისტოში ევროსასამართლოს წარუდგინა განმარტება. 

 

საქართველოს მთავრობა თავის კომენტარში აღნიშნავს, რომ საჩივარი არ იყო „ჯეროვანი სისწრაფით“ შეტანილი, რადგან 2009 წლის ბოლომდე არც ერთ განმცხადებელს არ მიუმართავს საგამოძიებო ორგანოებისათვის, რის გამოც მთავრობა მოითხოვს საქმის დაუშვებლად ცნობას. ასევე, მთავრობის  მტკიცებით,  საჩივარი არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ უსაფუძვლოა. ამასთან, არ არსებობს პირად ცხოვრებაში ჩარევის, საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტი და ა.შ. 

 

“ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი” ამის საპასუხო კომენტარს რამდენიმე დღეში გაგზავნის სტრასბურგში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საქმის მოგება, რადგან ჟურნალისტების საქმის წარმატებით გადაწყვეტას უნდა მოჰყვეს 7 ნოემბრის სხვა საქმეების განხილვაც და გადაწყვეტაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი