ახალი ამბები

პრეზიდენტი ახალ მთავრობას მოუწოდებს, ჩავიდნენ ნიგზვიანში სიტუაციის განსამუხტად

2 ნოემბერი, 2012 • 1126
პრეზიდენტი ახალ მთავრობას მოუწოდებს, ჩავიდნენ ნიგზვიანში სიტუაციის განსამუხტად

“საქართველო არის მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური ქვეყანა, სადაც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან მშვიდობიანად თანაარსებობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ჩვენი მოქალაქეები. გურიაში ცხოვრობს ძალიან მშვიდობიანი და კარგი ხალხი. ამიტომ მეჩვენება, რომ იქ ყოველგვარი დაძაბულობა ხელოვნური ხასიათისაა და შეიძლება, პროვოცირებულიც კი”.

პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა მის ოფიციალურ გვერდზე, ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს და ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა შენარჩუნდეს.

“დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მთავრობის ინტერესებს წარმოადგენს ის, რომ შენარჩუნდეს სამოქალაქო მშვიდობა და მომავალშიც გაგრძელდეს ჩვენი მოქალაქეების მშვიდობიანი თანაცხოვრება. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა არ დაუშვან ვითარების კონტროლიდან გასვლა, რადგან საქართველოს მსგავს ქვეყანაში, ჩვენი უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, ასეთი რამეები პოტენციურად შეიძლება ძალიან საშიში იყოს. მინდა მოვუწოდო ახალი მთავრობის წარმომადგენლებს, ჩავიდნენ ადგილზე და ყველაფერი გააკეთონ სიტუაციის ბოლომდე განსამუხტავად და მომავალში დაძაბულობის ან, მით უმეტეს, მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

სოფლის მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაძაბულობა 25 ოქტომბერს დაიწყო. სოფლის მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ არ დაუშვებს მათ სოფელში მუსლიმური სალოცავის არსებობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი