ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში საქართველო მოიცვა გაფიცვების ტალღამ რამოდენიმე ბიზნეს–სექტროსა და სხვადასხვა რეგიონებში, რომლის მიზანია ქვეყნის დესტაბილიზაცია და ახლად დამტკიცებული ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენება.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა და ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ქროულმა დღეს, 2 ნოემბერს თბილისში პრესკონფერენცია გამართეს და ფოთის პორტის მუშების გაფიცვაზე განცხადება გააკთეს.
“ფოთის პორტში მიმდინარე გაფიცვები ახდენს ქალაქ ფოთის პარალიზებას, რომელიც ქვეყნისა და რეგიონის უმნიშვნელოვანესი პუნქტია. შუა ოქტომბრის რიცხვებიდან დაფიქსირდა მოქმედი მთავრობის სისტემატიური
დისკრედიტაციის მცდელობა, რაც გამოიხატება სოციალური უკმაყოფილებით და აისახება ქმედებებში როგორიცაა: ლტოლვილების მიერ თბილისის მრავალ შენობებში არაკანონიერი შესახლება, რეგულარული არეულობები საქართველოს ციხეებში და უამრავი გაფიცვის ინციდენტი, 100%– იანი ხელფასების ზრდა და სხვა მრავალი არარეალური მოთხოვნა.
კარგად დაგეგმილი და შესაბამისად კონტროლირებული ქმედებები ყოვლად მიუღებელია და ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნესგარემოზე და ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ფოთის პორტი კავკასიისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი პუნქტია, რომელიც არ შეიძლება იყოს გაურკვეველი პიროვნებების მიერ პარალიზებული, რომელთაც მანიპულაციის გზით შეცდომაში შეყავთ პატიოსანი და გულუბრყვილო მომუშავეები, რათა საბოლოოდ შეძლონ კრიმინალური გზით მიზნის მიღწევა”, – განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა ფადი ასლიმ.
მისივე განცხადებით, “საერთაშორისო სავაჭრო პალატა მხარს უჭერს მომუშავეთა კანონიერ ულფებებს, თუმცა გამოსვლები, რომლებიც არალეგიტიმური და პოლიტიკურ ფონზეა მოტივირებული, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნესის განვითარებასა და ქვეყნის იმიჯზე. აქედან გამომდინარე, პალატა მოუწოდებს პროკურატურას, დაუყვონებლივ დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომლებიც ინიცირებენ ამ ნეგატიურ მოვლენებს”.
ფადი ასლიმ ასევე თქვა, რომ “საერთაშორისო სავაჭრო პალატა მხარს უჭერს მთავრობის პოლიტიკურ სტრატეგიას და გამოხატავს თანადგომას ახალი, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, ისევე როგორც ხელოვნურად შექმნილი მონოპოლიების გაუქმებას და ბიზნესმენებზე ზეწოლის აღკვეთას. გვინდა მოვუწოდოთ მთავრობას, მიიღოს საასწრაფო ზომები ქვეყანაში არასტაბილურობის აღკვეთასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეში აგდებს თანაბრად როგორც უცხოელი ინვესტორების, ასევე ქართველი ბიზნესმენების საქმიანობას”.
ფადი ასლის თქმით, ისინი პროკურატურას იმიტომ მიმართავენ, რომ არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები მართულ პროცესს გავს, რადგან ერთაბაშად ყველა მიმართულებით იფეთქა პრობლემებმა. ჟურნალისტებმა ფადი ასლის შეახსენეს გაფიცულთა ნათქვამი, რომლის მიხედვითაც ისინი აქამდე იმიტომ არ გამოხატავდნენ პროტესტს, რომ ეშინოდათ, ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ კი ეს შიში დაძლიეს.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძვანელმა ამის პასუხად განაცხადა, რომ საქართველოში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება და ამას მუშებს არავინ უზღუდავთ. მისი აზრით, ეს ისე უნდა მოხდეს, რომ არ დაზარალდეს ის კომპანია, სადაც მუშაობენ და არ დაზარალდეს ეკონომიკა, რადგან საბოლოოდ თავად დასაქმებულებიც დაზარალდებიან.
ფოთის პორტის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ქროულმა კვლავ გამოხატა მზაობა გაფიცულ მუშებთან მოსალაპარაკებლად. მისი თქმით, პორტის დიდი ხნით პარალიზება გამოიწვევს საერთაშორისო ტვირთების სხვა ქვეყნის პორტებში გადინებას, რაც დარტყმა იქნება ფოთის პორტისთვის.