ახალი ამბები

სასამართლო დეზომორფინის მოხმარებისთვის არსებული სასჯელის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს

6 თებერვალი, 2017 • 1471
სასამართლო დეზომორფინის მოხმარებისთვის არსებული სასჯელის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს

2017 წლის 6 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .

მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალება “დეზომორფინის” დიდი ოდენობით  პირადი მოხმარების მიზნისთვის დამზადება, შეძენა, შენახვისთვის სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მოსარჩელის მტკიცებით, ვინაიდან კანონმდებლობა არ ადგენს  დეზომორფინის ოდენობებს, დეზომორფინის ნებისმიერი ოდენობით შენახვა-შეძენა, დამზადება (მათ შორის პირადი მოხმარებისათვის 0,00009 გრამიც) ითვლება დიდ ოდენობად და მოსამართლეს განაჩენის დადგენისას არ აქვს შესაძლებლობა, ინდივიდუალურად განსაზღვროს დანაშაულის კვალიფიკაცია სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით.

მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით დადგენილი სასჯელის არაპროპორციულობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სადავო ნორმა დეზომორფინის შეძენა-შენახვა, მოხმარებისათვის ითვალისწინებს იმავე ოდენობის სანქციას, რაც დადგენილია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.  საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

ლაშა ბახუტაშვილი სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის 2013 წელს დააკავეს. მას 0,00009 გრ ნარკოტიკული ნივთიერება დეზომორფინისთვის (მოხმარებულ ნემსში არსებული ნარჩენისთვის) 5-დან 8 წლამდე პატიმრობა  ემუქრება. ბახუტაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის ნოემბერში მიმართა.  2016 წლის 25 მაისს   “თეთრი ხმაურის” მოძრაობის აქტივისტების მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მოქალაქე ბესო ხუციშვილი ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა აიძულეს, დახმარებოდა ლაშა ბახუტაშვილის დაკავებაში. შემდეგ კი თვითონაც დააკავეს.

“[ციხიდან] გამოსვლიდან მესამე-მეოთხე დღეს პოლიცია დამადგა. სახლიდან გამოვედი, გაჩერდა თეთრი შკოდა. მომმართეს სახელით და გვარით, ჩვენ ვართ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოდანო. წამიყვანეს განყოფილებაში. შემომთავაზეს, ლაშა ბახუტაშვილი უნდა დაგვაჭერინოო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი