ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე უწყებებთან კონსულტაციები დაიწყო

6 თებერვალი, 2017 • 2958
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე უწყებებთან კონსულტაციები დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,  ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტის შესწავლა და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები დაიწყო.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს, 6 თებერვალს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორს შეხვდა.

„კანონპროექტის ანალიზი შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების გარეშე შეუძლებელია. ჩვენ შევხვდით მათ, რათა შევისწავლოთ, რას ფიქრობენ ამ კანონპროექტზე, როგორ მუშაობს დღეს ეს ოპერატიული სამძებრო მოქმედებების სისტემა და რა შეიცვლება ამ სისტემაში ახალი კანონპროექტით, ამის შემდეგ კი ჩვენ  საკუთარ პოზიციას მოვამზადებთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

დღეს საქართველოში მოქმედებს ორეტაპიანი სისტემა, რომლის თანახმადაც, მოსმენების “გასაღები” არის სუს-ში, ხოლო “საკონტროლო გასაღები” აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

კამპანია “ეს შენ გეხებას” საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს ისეთმა უწყებამ, რომელიც დაინტერესებულია ამ ინფორმაციის გაცნობით.

“… მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს,”- ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი