ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, კიდევ ერთი ფარული ჩანაწერის გავრცელებაზე გამოძიება დაიწყეს

6 თებერვალი, 2017 • 9009
შსს-ს ცნობით, კიდევ ერთი ფარული ჩანაწერის გავრცელებაზე გამოძიება დაიწყეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიწყო გამოძიება ვებ-გვერდ Українська революція-ზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერზე, რომლის აღწერაშიც ნათქვამია, რომ საუბრობენ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი და რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია.

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც პირადი მიმოწერით ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

ნიკა გვარამიამ გავრცელებულ ჩანაწერს მონტაჟი უწოდა:

“რაც ვიცანი, არის 4-5 სხვადასხვა საუბარი. მე და ადეიშვილს ძალიან დიდი ხანია არ გვისაუბრია ტელეფონით, მინიმუმ 5 წელია. მე მისაუბრია მასთან კიევში პირისპირ… რაც შეეხება ახვლედიანს, ის არასდროს წარმოადგენდა ჩემს ინტერესს. მას არასდროს შეხება არ ჰქონია რუსთავი 2-ის საქმესთან. არც ჩემს საქმესთან. რაც შეეხება ამ ტექსტებს, ეს არ არის ჩემი და ბატონი ადეიშვილის საუბარი, არის ჩემი საუბრების კომპილაცია სხვადასხვა ადამიანებთან. შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ ეს არის უმოწყალო მონტაჟი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ჩანაწერებში ისმის გვარები – ახვლედიანი და ალავიძე. მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეა, ხოლო ბესარიონ ალავიძე – უზენაეს სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლე. ჩანაწერში ნათქვამია, რომ “სამი მილიონი სალაპარაკოც არ უნდა იყოს” და “ახვლედიანმა ბევრად მეტი ფასის საქმე შეასრულა”

მასალების გადაბეჭდვის წესი