ახალი ამბები

პატრიარქის მდივანი: საეკლესიო პირისგან ინფორმაციის მოპოვებას სჭირდება ლეგალური ფორმა

1 ნოემბერი, 2012 • 1108
პატრიარქის მდივანი: საეკლესიო პირისგან ინფორმაციის მოპოვებას სჭირდება ლეგალური ფორმა

“მეუფე სპირიდონთან დაკავშირებით გავიგე, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა. თქვენ შეიძლება მომიყვეთ, მაგრამ მე ორივე მხრიდან მინდა ინფორმაცია. თქვენს მონაყოლზე შეფასებას ვერ გავაკეთებ. მე რომ შეფასება გავაკეთო, ხომ შეიძლება ეპისკოპოსმა მითხრას, რომ ჯერ ჩემთან  გადაამოწმე და მართალიც იქნება”, – აცხადებს მიქაელ ბოტკოველი.

მისივე თქმით, ეპისკოპოსები თავიანთ ეპარქიებში თვითმმართველები არიან და სჯობს მათთან გადაწყდეს ასეთი საკითხები:

“იმიტომ, რომ ამას სჭირდება სერიოზული სტრუქტურა, რომელიც ობიექტურად მოიძიებს ამ ინფორმაციას. ეპისკოპოსს ექნება თავისი სიმართლე, რაზეც ის ფიქრობს, რომ სწორია, თქვენ გაქვთ თქვენი სიმართლე, რაც სწორად მიგაჩნიათ. მე მედიატორად ვერ გამოვდგები იმიტომ, რომ სტრუქტურები არ მაქვს, რითაც შემიძლია გადავამოწმო, რომელი მხარე მეუბნება სიმართლეს და რომელი მალავს.”

პატრიარქის მდივანი ამბობს, რომ დანაშაულად არ მიაჩნია ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის მოპოვება სასულიერო პირებისგან, თუმცა:

“მის მოპოვებას სჭირდება ლეგალური ფორმა. როცა მღვდელმთავარი არ გაძლევს ინფორმაციას, ის მაღალი თანამდებობის პირია ეკლესიაში, ისევე როგორც შედარებისთვის – ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი. წინ ხომ ვერ დაუდგები და არ ეტყვი – გინდა თუ არა მომეცი?!

ფოთში რომ მოხდა ინციდენტი, ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა განცხადება და ახლაც ვამბობ, თუ სასულიერო პირი უარს ამბობს ინფორმაციის მიცემაზე და ვფიქრობ, რომ ეს არის ნებაყოფლობითი მისი მხრიდან, შეიძლება ჟურნალისტი უხეშობს და ძალდატანებით ცდილობს ინფორმაციის მიღებას. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ წერილობით ან მის პრესსამსახურს, ან რაღაც ფორმა უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ ინფორმაცია მოიპოვოს”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 31 ოქტომბერს “ბათუმელების” ჟურნალისტი იმყოფებოდა ხიჭაურის სასულიერო სასწავლებელში მასალის მოსამზადებლად, თუმცა სხალთის ეპისკოსპოსმა მას ამის საშუალება არ მისცა და პოლიციაში უჩივლა, რის გამოც “ბათუმელების” რეპორტიორს პოლიციაში ახსნა-განმარტება ჩამოართვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი