ახალი ამბები

კომიტეტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის არჩევას მხარი დაუჭირა

6 თებერვალი, 2017 • 2521
კომიტეტმა  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის არჩევას მხარი დაუჭირა

დღეს, 6 თებერვალს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე   მანანა კობახიძის კანდიდატურის წარდგენას. შესაბამისად, მის კანდიდატურას მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარულს ხდომაზე უყრიან კენჭს.

მანანა კობახიძის კანდიდატურას კომიტეტმა მხარი 11 ხმით დაუჭირა. აქედან 10 დეპუტატი “ქართული ოცნების” წევრია, ხოლო ერთი დეპუტატი- “პატრიოტთა ალიანსის.” კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. მათ სხდომა კენჭისყრის დაწყებამდე დატოვეს.

“მინდა მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული მხარდაჭერისთვის. მადლობა პატრიოტთა ალიანსს. საკოსნტიტუციო სასამართლოს არ წარმოვიდგენ მხოლოდ საკოსნტიტუციო კონტროლის ორგანოდ, არამედ ქართველი ხალხის მოლოდინების შესრულების ორგანოდ. მე მინდა, საქართველოს მოსახლეობას წარმოადგენდეს სასამართლო. გულდასაწყვეტია, რომ პარლამენტის დატოვება მიწევს,” – აღნიშნა მანანა კობახიძემ.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მანანა კობახიძის ბიოგრაფია მოისმინეს, რის შემდეგაც მას კითხვები დაუსვეს. საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ მანანა კობახიძე საკოსნტიტუციო სასამართლოში არჩევის შემთხვევაში მიკერძოებული იქნება და ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს დაუჭერს მხარს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კანდიდატის პოლიტიკური წარსული ნაკლი არ არის:

“პოლიტიკური წარსული არ არის ნაკლი. პოლიტიკური წარსული არის მეტი გამოცდილება, განსაკუთრებით- იურისტისთვის. ადამიანი უნდა შევაფასოთ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით. მთავარი არის საკონსტიტუციო სასამართლოს სპეციფიკის შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება ჰქონდეს იურისტს. ის გამოცდილება, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საკონსტიტუციო სასამართლოს კუთხით, პროფესიული მუშაობის კუთხით მანანა კობახიძეს აქვს, ძალიან კარგია,” – აღნიშნავს ბესელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი