ახალი ამბები

ომბუდსმენის ანგარიში – გაზრდილი მიმართვიანობა პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებაზე

6 თებერვალი, 2017 •
ომბუდსმენის ანგარიში – გაზრდილი მიმართვიანობა პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებაზე

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, მოქალაქეების მიმართვიანობა 2016 წელს რეკორდულად გაიზარდა – მაღალია მიმართვიანობა პენიტენციური დაწესებულებებიდან და პოლიციის მხრიდან ძალაუფლების გადამეტების თაობაზე, ხოლო რეკომენდაციების ნახევარზე ადრესატებს არ გაუთვალისწინებიათ.

სახალხო დამცველის 2016 წლის მუშაობის ანგარიშის მიხედვით, რომელიც დღეს 6 თებერვალს წარუდგინა საზოგადოებას, მოიცავს ორ ძირითად საკითხს, მიმართვიანობას სახალხო დამცველისადმი გასული წლის განმავლობაში, რომელიც სახალხო დამცველის განცხადებით “რეკორდულად” იზრდება და ასევე სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორისადმი მის მიერ გაცემულ რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლებს.

მიმართვიანობა

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ კვლავ მაღალია პენიტენციური დაწესებულებებიდან მიმართვიანობა და გაიზარდა მიმართვიანობა პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების თაობაზე.

“მომართვიანობა გაზრდილია, შეიძლება ითქვას, რომ რეკორდული მაჩვენებელი იყო გასულ წელს 8 800 დაახლოებით. წინა წლებში არ ყოფილა ამდენი მომართვანობა სახალხო დამცველის ოფისისადმი. შენარჩუნებულია მომართვიანობა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რამდენიმე ათასი იყო რეკომენდაცია, მომართვიანობა გაზრდილია დაკავების დროს სავარაუდო დარღვევებზე”, – ამბობს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის ცნობით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ტენდენციად იქცა ის, რომ იზრდება მიმართვიანობა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების თაობაზე. ნანუაშვილის თქმით, ის, რომ პოლიციის სისტემაში ასეთ დარღვევებს აქვს ადგილი, ეს არის რეალობა.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, რეგიონებიდან შესული მიმართვები ძირითადად სოციალურ პრობლემატიკას ეხებოდა.

რეკომენდაციები

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ 2016 წლის განმავლობაში სულ გასცა 77 რეკომენდაცია, რომელთაგან 39% შეასრულეს, რეკომენდაციების 10% იყო ნაწილობრივ შესრულებული. სახალხო დამცველის ცნობით,2016 წლის ბოლოს რეკომენდაციების დიდი ნაწილი იყო რომელიც ნაწილობრივ შესრულდა. “სურათი, რომ შევადაროთ, ამ წელს რთულია ერთი კონკრეტული უწყება დავასახელოთ. რომელიც ასრულებდა ან არ ასრულებდა ჩვენს რეკომენდაციების, ამ წელს რთულად იყო საქმე ასეთი რამდენიმე უწყება იყო,” – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველის ოფისში დასაქმებულები

2016 წელს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში სულ დასაქმებული იყო 148 ადამიანი, რომელთაგან 21 დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში იყო დასაქმებული. ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში აპარატის შტატით გათვალისწინებულ 33 ვაკანტურ თანამდებობაზე ჩატარდა საჯარო კონკურსი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი