ახალი ამბები

ნიკა გვარამია ფარულ ჩანაწერებზე: ეს არ არის ჩემი და ბატონი ადეიშვილის საუბარი

6 თებერვალი, 2017 • 1688
ნიკა გვარამია ფარულ ჩანაწერებზე: ეს არ არის ჩემი და ბატონი ადეიშვილის საუბარი

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, თქმით, ინტერნეტში დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერები არ არის მისი, არის დამონტაჟებული, აღებულია მისი ხმა ძალიან ბევრი სხვადასხვა საუბრიდან:

“რაც ვიცანი, არის 4-5 სხვადასხვა საუბარი. მე და ადეიშვილს ძალიან დიდი ხანია არ გვისაუბრია ტელეფონით, მინიმუმ 5 წელია. მე მისაუბრია მასთან კიევში პირისპირ. ჩემი კორუფციაში გასვრა არ გამოვა, მეგობრებო.

რაც შეეხება ახვლედიანს, ის არასდროს წარმოადგენდა ჩემს ინტერესს. მას არასდროს შეხება არ ჰქონია რუსთავი 2-ის საქმესთან. არც ჩემს საქმესთან. რაც შეეხება ამ ტექსტებს, ეს არ არის ჩემი და ბატონი ადეიშვილის საუბარი, არის ჩემი საუბრების კომპილაცია სხვადასხვა ადამიანებთან. მე არ ვიცი, ეს არის თუ არა ადეიშვილის ხმა. შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ ეს არის უმოწყალო მონტაჟი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღეს ვებ-გვერდზე “უკრაინული რევოლუცია” გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომელიც რედაქციის ცნობით, ასახავს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარს საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ზურაბ ადეიშვილთან, რომელიც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული და მასზე ქვეყანას ძებნა აქვს გამოცხადებული.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, ნიკა გვარამია დახმარებას სთხოვს ზურაბ ადეიშვილს რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. კერძოდ, ჩანაწერში ადეიშვილი მოიხსენიებს მოსამართლე (ბესარიონ) ალავიძეს და კიდევ ერთ მოსამართლეს, რომლის სახელსა და გვარს არ ასახელებს, ასევე, ამბობს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე დაიწყო თანხების მოძიება და ეს “ძვირი დაჯდება”, მაგრამ მალე გადაწყდება. გვარამია პასუხობს, რომ სულ რაღაც 3 მილიონ აშშ დოლარზეა საუბარი. გვარამია ასევე აცხადებს: “ახვლედიანმაც [საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზე მამუკა ახვლედიანზე – რედ.] მაგაზე ბევრად უფრო ძვირი ფასის სამუშაო შეასრულა”.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, გვარამია ამბობს, რომ არ აქვს “ყარამანიშვილთან საუბრის თავი” და მას უცენხურო სიტყვებით მოიხსენებს. საუბარია რუსთავი 2-ის წილის მფლობელ ბიზნესმენ ძმებ ყარამანიშვილებზე, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, 2017 წლის 14 იანვარს, დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

“გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეების – ბესარიონ ალავიძის და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე – უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ხსენებული მოსამართლეებისთვის გაგზავნილ წერილობით შეტყობინებებში,  რომლებიც მოსამართლეებმა  წარმოადგინეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, იკვეთებოდა  მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის ნიშნები.  შესაბამისად,  ინფორმაციის მიღებისთანავე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება განცხადებაში მოყვანილი გარემოებების შესწავლის მიზნით”, – ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 3 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამ განცხადებას წინ უძღოდა იმავე ვებ-გვერდზე “უკრაინული რევოლუცია” გამოქვეყნებული ე.წ. ვაიბერ-მიმოწერა მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე დავით საყვარელიძეს შორის, რომლის მიხედვით, უნდა მომხდარიყო მოსამართლეების – ალავიძისა და ქათამიძის მოსყიდვა.

არც ზემოთ ხსენებული აუდიოჩანაწეისა და არც ამ ვაიბერ მიმოწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს რუსთავი 2-ის საქმეს, რომლითაც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, გადაეცემა თუ არა ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი