კატეგორიის გარეშე •

შაჰინის სკოლა პრემიერ-მინისტრს მიმართავს

5 თებერვალი, 2017 • 2694
შაჰინის სკოლა პრემიერ-მინისტრს მიმართავს

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, განათლების მინისტრ ალესანდრე ჯეჯელავას და სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს მიმართავს. ადმინისტრაცია მათ სთხოვს დაიცვან 340 მოსწავლის უფლებები. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“იძულებული ვართ, თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ უკანონობაზე, რომელიც ხორციელდება ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიმართ, რომელიც  23 წელია ფუნქციონირებს  და დღეისათვის მასში 340 მოსწავლე  სწავლობს.

2017 წლის  3 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ საბჭოზე მიიღებული იქნა გადაწყვეტილება შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის  შეჩერების თაობაზე. ავტორიზაციის შეჩერება საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ   6 არაქართველი მოსწავლე თურქულენოვანი კლასებიდან  გადაყვანილ იქნა ქართულ კლასებში, მაშინ როდესაც ამგვარი კანონი ან რეგულაცია სექტორის ცვლასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს, ხოლო თურქული სექტორის გაუქმება და მოსწავლეების ქართულ სექტორზე გადაყვანა სწორედ  ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 04 სექტემბრის  გადწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარ დაუგეგმავი მონიტორიგის პროცესი, რომელიც სკოლაში ბოლო თვეების განმავლობაში  რატომღაც მესამედ განხორცილდა.  ხელოვნურად შექმნილი და არარსებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ეჭვს გამოვთქვათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია მხოლოდ  რათა შეიზღუდოს და აიკრძალოს  შაჰინის სკოლის მუშაობა საქართველოში.

მოგმართავთ თხოვნით,  თქვენს პირად კონტროლზე აიყვანოთ და დაიცვათ სკოლის 340 მოსწავლის, მათი მშობლებისა და პედაგოგების კანონიერი უფლებები. არავის  მისცეთ უფლება  უკანონდ დახუროს სკოლა, რომელიც უკვე მრავალი წელია ქვეყნის სამსახურშია და არ შეიზღუდოს  სკოლის მუშაობა, სადაც საქართველოს ღირსეული მოქალაქეები იზრდებიან”.

ავტორიზაციის საბჭომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერა, ამასთან დაკავშირებით გუშინ, 4 თებერვალს, სკოლის დირექტორმა ელგუჯა დავითაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. მისი ინფრომაციით, სკოლას ათი თურქი ეროვნების მოსწავლის ქართულ სექტორში ჩარიცხვას ედავებიან. მანამდე სკოლას ავტორიზაციის საბჭომ თურქული სექტორის გაუქმება მოსთხოვა, რასაც სკოლა დაემორჩილა.

ხარისხის კონტროლის სააგენტოს ინფორმაციით, სკოლას აღარ აქვს საქმიანობის გაგრძელების უფლება, თუმცა დირექტორის თქმით, სკოლა ხვალ, 6 თებერვალს სასწავლო პროცესის გარძელებეას გეგმავს, ვინაიდან ჯერ სკოლას ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით დოკუმენტი არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი