ახალი ამბები

საია: აჭარის ტელევიზიას უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი

31 ოქტომბერი, 2012 •
საია: აჭარის ტელევიზიას უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი

“საკანონმდებლო აქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოსათვის მსგავსი ფუნქციის მინიჭება.  აჭარის ტელევიზიის აღნიშნული სტატუსი წინააღმდეგობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის  მე-2 პუნქტის ჩანაწერებთან, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საია ავრცელებს.

 

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის რეორგანიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადების ვადად განესაზღვრა 2011 წლის 1 ნოემბერი, რაც ამ დრომდე არ მომხდარა და ამჟამად აჭარის ტელევიზიის სამართლებრივი სტატუსი დაუდგენელია.

 

საიაში მიაჩნიათ, რომ პრობლემურია ასევე აჭარის ტელევიზიის დაფინანსების საკითხიც:

 

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის თანახმად, დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციის სფეროს არ მიეკუთვნება სამაუწყებლო საქმიანობა, შესაბამისად, აჭარის ა/რ ბიუჯეტის ფინანსური რესურსების გამოყენება ამ მიმართულებით დაუშვებელია.”

 

აჭარის ტელე-რადიოდეპარტამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი კი დაახლოებით 6,8 მილიონი ლარია. ტელევიზიის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, დღეს აჭარის ტელე–რადიოდეპარტამენტში 213 თანამშრომელი მუშაობს.

 

“აუცილებელია დაუყოვნებლივ მოხდეს აჭარის ტელევიზიის საქმიანობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. ჩვენი პოზიციით მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიას მიენიჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი. პარალელურად საჭიროა დეტალურად გაიწეროს ტელევიზიის ფორმირების წესი, ცვლილება შევიდეს რამოდენიმე სამართლებრივ აქტში, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში”, – აცხადებენ საიაში.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ფორმირების პროცესში.

მასალების გადაბეჭდვის წესი