შეხვედრას Millennium Challenge Corporation-ის ვიცე-პრეზიდენტი ტომ ჰერლი, საქართველოში Millennium Challenge Corporation-ის წარმომადგენელი ჯეიმს მაკნიკოლასი და საქართველოში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ.
მხარეებმა ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა განიხილეს.
“ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” ვიცე-პრეზიდენტმა ტომ ჰერლიმ მზადყოფნა გამოხატა საქართველოს ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის კუთხით და აღნიშნა, რომ ისინი გააგრძლებენ მუშაობას ახალ მთავრობასთან, რათა მოხდეს მილენიუმის პროგრამის მეორე კომპაქტის განვითარება.
“მეორე კომპაქტის” ფარგლებში ჩვენ გადავწყვიტეთ ფოკუსირებული ვიყოთ საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე საინჟინრო დისციპლინების განვითრების კუთხით”, – აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა ტომ ჰერლიმ.
“მილენიუმ ჩელენჯის” წარმომადგენლებთან შეხვედრას ქართული მხრიდან ასევე ესწრებოდნენ განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე.
პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან” თანამშრომლობა გაგრძელდება.
“მილენიუმის პროგრამით ბევრია საქართველოში გაკეთებული. ჩვენ გვქონდა პირველი შეხვედრა და დავარწმუნეთ, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება ისეთივე ფორმით. საქართველოს მხრიდან მე ვუხელმძღვანელებ ამ საბჭოს. მათ გაიცნეს ახალი განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები. პატარა კორექტივებები შეიძლება შევიდეს ჩვენს პროგრამაში, რომელსაც ჩვენ ერთდროული შეთანხმებით გავაგრძელებთ მათთან. არ შევაფერხებთ ამ პროცესს და უფრო სწორი მიმართულებით წავიყვანთ”, – აღნიშნა ივანიშვილმა შეხვედრის შემდეგ.
განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე
ისაუბრეს დეტალებზე, თუ როგორ უნდა ჩაიდოს უფრო ეფექტურად განათლებაში თანხა.
“განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების ცენტრებისა და უფრო მეტი სამეცნიერო პროცესის შეტანაზე რეგიონში სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, რომლებიც გვეხმარებიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებით”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.