ახალი ამბები

პრემიერის თქმით, აფხაზი და ოსი მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის ყველა სიკეთით ისარგებლებენ

2 თებერვალი, 2017 • 3189
პრემიერის თქმით, აფხაზი და ოსი მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის ყველა სიკეთით ისარგებლებენ

განსაკუთრებით გვახარებს, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები ჩვენთან ერთად ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობებს მოაქვს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილიმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

კვირიკაშვილის თქმით, უვიზო მიმოსვლით აფხაზი და ოსი მოქალაქეები ისარგებლებენ ისეთი სიკეთეებით, როგორიცაა ევროკავშირის ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა და მრავალი სხვა. ამისთვის მათ ბიომეტრიული პასპორტის აღება დასჭირდებათ.

“ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დღეს ჩვენ სამაგალითო გვიწოდეს ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესისთვის და მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის. დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს ასეთი შეფასებისა და ნდობისთვის. ევროპასთან დაახლოება მთელი საქართველოს კუთვნილებაა და ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები ჩვენთან ერთად ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობებს მოაქვს – ეს იქნება უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ მრავალი სხვა,” – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს დღევანდელი წარმატება უამრავი ადამიანის დიდი შრომის შედეგია, რისთვისაც ყველა მათგანს ულოცავს და მადლობას უხდის:

“მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, რომელიც ყოვლთვის ერთსულოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ევრპული  მისწრაფებების მიმართ. დღევანდელი პოზიტიური გადაწვეტილება მალე მიგვიყვანს საბოლოო შედეგამდე და საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება.”

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას დღეს, 2 თებერვალს, მხარი დაუჭირა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხმა მისცა 553-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 66, ხოლო თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

ეს იყო ევროპარლამენტის ფინალური კენჭისყრა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე, თუმცა უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე კიდევ რჩება რამდენიმე პროცედურა:

  • შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციას  დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.
  • ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.
  • ამის შემდეგ უვიზო რეჟიმი ოფიციალურად 20 დღეში ძალაშია, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპარლამენტში შეჩერების მექნიზმზე კენჭისყრა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

საქართველოს მთავრობაში ვარაუდობენ, რომ უვიზო რეჟიმი საბოლოოდ ძალაში მარტის ბოლოდან ან აპრილის დასაწყისიდან შევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი