ახალი ამბები

ივანიშვილი: ჩვენ მოვახერხებთ თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას

28 ოქტომბერი, 2012 •
ივანიშვილი: ჩვენ მოვახერხებთ თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას

 

თურქეთის კონსული ბათუმში ენგინ არიქანი საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას ელის. იგი სტუმრის სტატუსით აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომას ესწრებოდა. 

 

კითხვაზე – კოალიცია „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებები საქართველო-თურქეთის მომოვალ თანამშრომლობას ხომ არ დააბრკოლებს? – კონსული ასე  პასუხობს: „ჩვენ არ გვაქვს გამარჯვებულ კოალიციასთან დაკავშირებით პრეტენზიები, ჩვენ არ გაგვიკეთებია ოფიციალური განცხადება. პირიქით, ჩვენ ვართ პოზიტიურად განწყობილი ორი ქვეყნის მომოვალი თანამშრომლობის მიმართ. თან ბიძინა ივანიშვილმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ბათუმის კარი ყოველთვის ღიაა თურქეთის მოქალაქეებისთვის და ინვესტორებისთვის. ხელისუფლების შეცვლა ხელს არ შეუშლის იმ მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყნას შორის უკვე არსებობს. წინასაარჩევნო პერიოდში იყო რაღაც განცხადებები, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, ყველაფერი კარგად იქნება და წინ წავა“.  

 

 

კონსულმა ივანიშვილსა და საქართველოში თურქეთის ელჩს შორის შეხვედრის სავარაუდო შეხვედრის თარიღზეც ისაუბრა:

 

„ჩვენთან ასეთი ტრადიციაა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად დაიკავებს თანამდებობას, ვიზიტი მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმება. შეიძლება სხვა ქვეყნის ელჩები უკვე შეხვდნენ, მაგრამ ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ, თან ახლა ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით დასვენებები გვქონდა. აქედან გამომდინარე, მოკლე დროში თურქეთის ელჩი, სავარაუდოდ, შეხვდება ბატონ ივანიშვილს“.

რატომ ვერ მოხერხდა თქვენი და თურქეთის ელჩის შეხვედრა? – გაზეთმა „ბათუმელებმა“ ამ კითხვით პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა.

  

„მე მქონდა ამის სურვილი. ახლა, რამდენადაც ვიცი, უკვე არის მზაობა და ეს შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება. ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრემიერ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან – მან ერთ-ერთმა პირველმა მომილოცა გამარჯვება, დამტკიცებულიც არ ვიყავი. მგონი, ჩვენ მოვახერხებთ ორ ქვეყანს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

 

ხომ არ იყო  ელჩთან ვერშეხვედრის ერთ-ერთი მიზეზი  „ქართული ოცნების” წევრების მიერ მეჩეთთან დაკავშირებული განცხადებები? –  ამ კითხვაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, თუმცა მოგვიანებით დააკონკრეტა, რომ არ ჰგონია ასე იყოს, რადგან „მეჩეთთან დაკავშირებული განცხადებები იყო კონსტრუქციული. არ მგონია, რომ ამას გამოეწვია განაწყენება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი