ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

31 იანვარი, 2017 •
ზურაბ აბაშიძე ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებებს სამ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას პრზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, 2017 წლის 1 მარტიდან კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე კონსტანტინე ქავთარაძე დაინიშნა.
2017 წლის 1 მარტიდან კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ოთარ ბერძენიშვილი, ხოლო მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას “თავისუფალი  დემოკრატების” ყოფილი წევრი, ზურაბ აბაშიძე დაიკავებს.

გიორგი მარგველაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩებთან შეხვედრები გამართა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„სამივე მათგანი საკმაოდ გამოცდილი კადრია. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებთან ორმხირივი ურთიერთობების განვითარებას, საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და იმ აქტიური დღის წესრიგის რეალობაში განხორციელებას, რომელზედაც პრეზიდენტთან შეხვედრაზე დღეს იყო ლაპარაკი. ელჩებმა სახელმწიფოს მეთაურისაგან მიიღეს ძალიან კონკრეტული ინსტრუქციები, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება ამ სახელმწიფოებში მათი მუშაობის დროს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი