ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

30 იანვარი, 2017 • 2133
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

დღეს, 30 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იანგლანდს შეხვდა.

“შეხვედრაზე ჩვენ დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ, ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ვისაუბრეთ სასამართლო რეფორმაზე. ეს ძირითადი თემები იყო. ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა გენერალურ მდივანთან და კიდევე ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას საქართველოში ვიზიტისთვის და მხარდაჭერისთვის, ” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

დღევანდელ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საარჩევნო სისტემის შეცვლაზე გამახვილდა:

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა შევიდეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების მონიტორინგის ორგანოები, რათა ვიცოდეთ, იქ რა ხდება. ჩვენ ეს საკითხი დავსვით შეხვედრაზე და გენერალურმა მდივანმა დაადასტურა თავისი სურვილი, რომ როგორღაც ეს მოხერხდეს. ასევე ვისაუბრეთ საკონსტიტუციო კომისიაზე და იმაზე, რომ კონსესუსით მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება კონსტიტუციის შეცვლის საკითხზე. განსაკუთრებული ყურადღება საარჩევნო სისტემის შეცვლაზე გამახვილდა,” – ამბობს ჭიაბერაშვილი.

ტორბიორნ იანგლანდს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ტორბიორნ იაგლანდი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სხელმწიფო მინისტრს.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოსა ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ევროპის საბჭოს ჩართულობას კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და ნდობის აღდგენის პროცესში. მხარეები ასევე განიხილავენ 2016-2019 წლებისთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში სამართლის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და ნდობის აღდგენის პროცესის ეფექტურ განხორციელებას. ​

მასალების გადაბეჭდვის წესი