ახალი ამბები

ნარმანიას თქმით, ხანძრის შედეგებზე პასუხისმგებელი სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაა

30 იანვარი, 2017 • 1943
ნარმანიას თქმით, ხანძრის შედეგებზე პასუხისმგებელი სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაა

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით,  სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილ ხანძრის შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციას ეკისრება.

“ძალიან მძიმე ფაქტია. ასეთი შემთხვევა თბილისში დიდი ხანია არ მომხდარა. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და აქ მოვაჭრე ადამიანებს დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონიათ.  ვფიქრობ, ბაზრობის  ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი, პირველ რიგში, მათ ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც აქ მოხდა. ამ ადამიანებს ხელშეკრულებები ჰქონდათ ბაზრობის ადმინისტრაციასთან, ადმინისტრაციას აქვს თავისი უფლებები, მოვალეობები, პასუხისმგებლობები და ამ ხალხს პასუხი უნდა გასცენ,” – აღნიშნავს დავით ნარმანია.

თბილისში სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილ ხანძარს ვერ აქრობენ. ხანძარი შუაღამისას გაჩნდა, თუმცა მისი ლიკვიდაცია 10:35 საათისთვისაც არ მომხდარა.

წინასწარი მონაცამებით, ზარალი ძალიან დიდია. ხანძრის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.


სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო სააქციო საზოგადოებაა, რომელიც რეგისტრირებულია 1996 წლიდან თბილისში, თევდორე მღვდლის #7-ში. აღნიშნული ორგანიზაციის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, მათი სააქციო კაპიტალი შეადგენს 423 289.28 ლარს. სააქციო კაპიტალი დაყოფილია 5588 აქციად, თითოეულის ღირებულებაა 60 აშშ დოლარი და აქციათა 41%-ზე მეტს ფლობს ოფშორში რეგისტრირებული შპს “ლეუფერტი”. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა მერაბ ასათიანი, წევრები – გიორგი მახარაძე და ნინო გორგანელი. აღმასრულებელი დირექტორია გიორგი მაჭავარიანი, ფინანსური დირექტორი – დავით ქორიძე და მარკეტინგის დირექტორი ელგუჯა ცინცაძე. საწარმოს ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა-გაქირავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი