ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტში შს და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გაიმართა [Video]

23 ოქტომბერი, 2012 • • 1188
საპარლამენტო კომიტეტში შს და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გაიმართა [Video]

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის გივი თარგამაძის განცხადებით, მინისტრობის კანდიდატის პოზიცია წარმოდგენილ პროგრამას არ ემთხვევა:

“მე ვფიქრობ, სწორედ აქ არის ყველაზე დიდი სირთულე, წარმოდგენილი პროგრამა ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა მათ მიერ სიტყვიერად წარმოდგენილ პრინციპებს. არ ვიცი, ეს გაუგებრობა იყო, თუ დროის სიმცირის გამო მოხდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა დაზუსტდეს. როდესაც პროგრამაში არის მოყვანილი, რომ დროთა განმავლობაში მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა, ხოლო შემდეგ კანდიდატი იძახის, რომ ეს აღარ არის აქტუალური, ალბათ, ეს პროგრამაში უნდა იქნას სწორად ჩამოყალიბებული”, – განაცხადა თარგამაძემ.

ირაკლი ალასანიას თქმით, მწვავე დებატები მისასალმებელია, თუმცა პასუხისმგებლობა უმცირესობის წარმომადგენლებმაც უნდა იგრძნონ:

“ძალიან ჯანსაღია, რომ შეკითხვები არსებობს, ოპონირების რეჟიმი გარდაუვალია და სწორედ პარლამენტი ის ადგილია, სადაც უნდა იყოს მწვავე შეკითხვები. მე უბრალოდ ზოგადად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აწ უკვე უმცირესობის წარმომადგენლები საუბრობდნენ ისე, თითქოს მათ რვა წელი არ ჰქონდეთ გატარებული ხელისუფლებაში და აქედან გამომდინარე, ის პასუხისმგებლობა, რაც მათ ეკისრებათ ამ 8 წლის განმავლობაში, აქედან თავის აცილების მცდელობას ჰგავდა”, – განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, რუსეთის ჯარის გაყვანა საქართველოდან ქვეყნის პრიორიტეტად დარჩება:

“საქართველოს ტერიტორია ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ყოფნის დროს იქნა ოკუპირებული, აქედან გამომდინარე, ჩვენს ერთ–ერთ მთავარ ამოცანად რჩება უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო ყოფნის დასრულება და მათი გაყვანა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან. ბუნებრივია, დიპლომატია, მოლაპარაკებები იქნება ერთ–ერთი მთავარი ბერკეტი, რითიც ვაპირებთ ჩვენ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი