ახალი ამბები

,ტელეარხ 25′-ის დამფუძნებლები ტელევიზიის 50–პროცენტიან წილს იბრუნებენ

22 ოქტომბერი, 2012 •
,ტელეარხ 25′-ის დამფუძნებლები ტელევიზიის 50–პროცენტიან წილს იბრუნებენ

„ტელეარხ 25“-ის დამფუძნებლებისთვის ტელევიზიის შესაძლო დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ლევან ქარდავა, ამ არხის 50 პროცენტის ამჟამინდელი თანამფლობელი და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

 

 

ლევან ქარდავას თქმით, ამ საკითხზე ყოფილ მფლობელებთან მოლაპარაკება ნამდვილად მიდის: „იურისტები მუშაობენ, ჯერ არის დრო და საბოლოოდ გაირკვევა…  ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა რომ არ იყოს, ჟურალისტებს ხელი არ შეეშალოთ ჩემი პარლამენტში შესვლით, რაღაც გამოსავალი  მოსაძებნია. აქედან გამომდინარე, დაბრუნების პრობლემას ვერ ვხედავ, ჩემი განწყობა ისაა, რომ ტელევიზიამ გააგრძელოს მუშაობა“.

 

 

ინფორმაციას ლევან ქარდავასგან წილების შესაძლო დაბრუნებაზე მოლაპარაკების პროცესის შესახებ ადასტურებს გია სურმანიძე – არხის მოქმედი დირექტორი და ყოფილი მეწილე.

 

 

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარის“ ასლან ჭანიძის აზრით, „თუ ტელეკომპანიის დამფუძნებლებს სურთ, რომ მათ მიმართ ელემენტარული ნდობა გაჩნდეს საზოგადოებაში, მათ უნდა წარმოადგინონ იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, ყოფილ მფლობელებს რა თანხა ჩაერიცხათ 24 თებერვალს ანგარიშებზე. ასევე წარმოადგინონ ის დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ თანხა უკან დააბრუნეს. თუ ამ საბუთებს არ წარმოადგენენ, მაშინ გამოდის, რომ სახელმწიფო ქონების ხარჯზე მოხდა გარიგება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული არა მხოლოდ საჯარო მოხეელეების, არამედ დამფუძნებლების მხრიდან“.

 

 

ასლან ჭანიძე ასევე სასურველად თვლის, არხის ყოფილმა მეწილეებმა განმარტონ, არხის ყიდვა-გაყიდვაში მონაწილე პირებმა გადაიხადეს თუ არა კანონით გათვალისწინებული გადასახადები.  

 

 

ლევან ქარდავა ამბობს, რომ რადგან გარიგება ორ ფიზიკურ პირს შორის მოხდა, ამიტომ გადასახადები ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის მიმღებს უნდა გადაეხადა: „შესაბამისად, არ ვიცი, გადაიხადეს თუ არა მათ გადასახადები“.

 

 

„ბათუმელებთან“ გია სურმანიძე ამბობს, რომ კანონით გათვალისწინებული გადასახადები ტელევიზიის გაყიდვის შემდეგ არხის ყოფილმა მფლობელებმა გადაიხადეს.

 

შეგახსენებთ, რომ არხი გაიყიდა 2012 წლის 24 თებერვალს. ამ ინფორმაციას თავის დროზე კატეგორიულად უარყოფდნენ არხის დამფუძნებლები. სწორედ 24 თებერვალს  საჯარო რეესტრში დაფიქსირდა სახელმწიფო ქონების გადაცემის ფაქტები ტელეარხ 25-ის დამფუძნებლების ოჯახების ახლობლების მიმართ.

 

მერაბ მერკვილაძის, გია სურმანიძისა და მალხაზ ვერძაძის, ანუ ტელარხი 25-ის დამფუძნებლების ახლოლებმა ტელევიზიის გაყიდვის დღეს თბილისსა და ბათუმში რამდენიმე მილიონის ღირებულების უძრავი ქონება მიიღეს 1 ლარად. ამ გარიგებასა და არხის გაყიდვას შორის რაიმე კავშირს მერაბ მერკვილაძე კატეგორიულად გამორიცხავს.  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი