ახალი ამბები

საპატრიარქოს კუთვნილი სკვერის გაწმენდა-დასუფთავებითი სამუშაოები დაიწყო

27 იანვარი, 2017 • 1816
საპატრიარქოს კუთვნილი სკვერის გაწმენდა-დასუფთავებითი სამუშაოები დაიწყო

პარლამენტის ცნობით, საპატრიარქოს კუთვნილ სკვერში გაწმენდა-დასუფთავებითი სამუშაოები დაიწყო. დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ სკვერთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად თბილისის მერიას თხოვნით მიმართა, რომელმაც სკვერის კეთილმოსაწყობად დასუფთავების და განათების სამსახურების და ტექნიკური სამუშაოების განხორციელებისთვის შესაბამისი წარმომადგენლები გამოყო.

“გაწმენდა-დასუფთავების სამუშაოები დღეიდან დაიწყო და მისი დასრულების შემდეგ სკვერში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება, ასევე დაგეგმილია მცირე ზომის კვების ობიექტების და ჰიგიენური კვანძის გახსნაც. დასასვენებელი სივრცე დაცვის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცევა”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკვერის განახლების სურვილი მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ ბექა ოდიშარიასთან ერთ-ერთ აუდიენციაზე გამოთქვა. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სკვერი წლების წინ მოუვლელობის და ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიხურა.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოს კუთვნილი სკვერის დასუფთავება დავიწყეთ. მისი უწმინდესობის ნება-სურვილია, რომ აქ გაჩნდეს სივრცე, სადაც ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვან ადამიანებს საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის საშუალება მიეცემა. ჩვენი მიზანია, რომ აქ მუდმივად იყოს ასეთი ტიპის პერფორმანსები და ისეთი ახალი დასასვენებელი ადგილი შეიქმნას, რომლითაც იამაყებს არა მხოლოდ ეს უბანი, არამედ მთლიანად ძველი თბილისი. თბილისის მერიის და უშუალოდ ქალაქის მერის, დავით ნარმანიას დახმარებით, რომელსაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, დასუფთავების სამუშაოები დაწყებულია და უახლოეს დღეებში მოვახერხებთ ამ სკვერის გახსნას“, –  ბექა ოდიშარიას განცხადებას პარლამენტი ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი