ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატები” ნატოს სამიტთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვენ

27 იანვარი, 2017 • 2625
“თავისუფალი დემოკრატები” ნატოს სამიტთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვენ

პოლიტიკური პარტია “თავისუფალი დემოკრატების” პრესსამსახურის ცნობით, პარტიის აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე პრეზიდენტს მიმართავს, მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა ნატოს 2017 წლის სამიტში საქართველოს მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.

“მივმართავ პრეზიდენტ მარგველაშვილს, მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს ნატოს 2017 წლის სამიტში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.  მინდა ხაზი გავუსვა პრეზიდენტის  ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნულ საკითხში, რადგან სწორედ მას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი შეასრულოს მიმდინარე პროცესებში.  ამიტომ მოვუწოდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს, დაინტერესდეს,  რა  გეგმები და ხედვა აქვს საქართველოს ხელისუფლებას, ერთი მხრივ, ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. მეორე მხრივ, გასარკვევია, რა გააკეთა ქართულმა მხარემ  იმისათვის, რომ საერთოდ ვყოფილიყავით წარმოდგენილნი ნატოს სამიტზე”, – მიმართავს კეკენაძე პრეზიდენტს.

NATO-ს მორიგი სამიტი 2017 წელს ბრიუსელში გაიმართება, სადაც საქართველო, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას თქმით, მონაწილეობას არ მიიღებს. ლევან იზორიას განმარტებით, ეს იქნება “უფრო ვიწრო, სიმბოლური დატვირთვის” სამიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების გამო და იქ მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას.

“ჩვენ არ ვიქნებით ამ სამიტის მონაწილე. მინდა აღვნიშნო, რომ ნატოს სამიტი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. შემდგომ სამიტში, რომელიც უკვე გაფართოებული ფორმით ჩატარდება, ბუნებრივია, მივიღებთ მონაწილეობას“ – განაცხადა ლევან იზორიამ 30 დეკემბერს.

როგორც თამარ კეკენაძე ამბობს, საქართველო არ არის ნატოს რიგითი პარტნიორი, რომელიც ელოდება, მიიწვევენ თუ არა სამიტზე: “ნატოს სამიტზე მონაწილეობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა პროაქტიკულად და სწორად იმუშავებს როგორც ნატოსთან, ასევე, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ამ საკითხზე მუშაობა უნდა დაწყებულიყო დიდი ხნის წინ. სამწუხაროა, რომ სწორედ  ხელისუფლების ამგვარი პასიურობა და არაკომპეტენტურობა აზიანებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს.  ნატო-ს 2017 წლის სამიტში არმონაწილეობა არის  ძალიან მომგებიანი გზავნილი ჩვენი მოწინააღმდეგეებისათვის“, – ნათქვამია თამარ კეკენაძის განცხადებაში.

თამარ კეკენაძე. 27.01.2017. ფოტო: "თავისუფალი დემოკრატების" პრესსამსახური

თამარ კეკენაძე. 27.01.2017. ფოტო: “თავისუფალი დემოკრატების” პრესსამსახური

ეროვნული უშიშროების საბჭო, საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის იქმნება და მას საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საკითხები უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მოსამზადებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი