ახალი ამბები

რუსთაველზე მსხვერპლით დასრულებულ ავარიაში მონაწილე მძღოლისთვის შსს-ს ბრალი არ წარუდგენია

27 იანვარი, 2017 • 2752
რუსთაველზე მსხვერპლით დასრულებულ ავარიაში მონაწილე მძღოლისთვის შსს-ს ბრალი არ წარუდგენია

24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ავარიაში მონაწილე მძღოლისთვის საგამოძიებო უწყებას ბრალი არ წარუდგენია:

“გამოძიების ფარგლებში დაინიშნა ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს ექნება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რათა ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე პირის მიმართ განხორციელდეს კანონის შესაბამისი ღონისძიებები. რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამივე მძღოლს, მომხდართან დაკავშირებით ისინი პოლიციის მიერ მოწმის სახით გამოიკითხნენ”,- ნათქვამია განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა და მისთვის ბრალის წარდგენა, კანონის თანახმად, მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზების დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.

“შს სამინისტრო მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას, რომ აღნიშნული საქმე დროულად იქნას გამოძიებული და დამნაშავე წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე”,- აცხადებს შსს.

შემთხვვევა 24 იანვარს, გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლის თანახმად, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი