ახალი ამბები

ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა

19 ოქტომბერი, 2012 • 1261
ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა

ჯეიმს აპატურაიმ საქართველო დღეს, 19 ოქტომბერს, გამთენიისას დატოვა. მისი თქმით, ნატო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს, რათა დარწმუნდნენ, რომ პროცესი ისეთივე წარმატებით გრძელდება, როგორც აქამდე იყო.

“ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა, სასიამოვნო იყო ძველ და ახალ მთავრობასთან შეხვედრა. გამართული დისკუსიებიდან გამომდინარე აშკარაა სრული კონსესუსი საერთაშორისო თავდაცვის პოლიტიკაში ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით,  კარგი ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და მეზობელ სახელმწიფოებთან. მოხარული ვარ, რომ ვხედავ, თუ როგორ ხდება  ხელისუფლების დემოკრტიული გადაცემა  კანონის დაცვით და ერთმანეთის პატივისცემით. ეს არჩევნები საერთაშორისო საზოგადოების თვალში გამოცდა იყო, რომელიც ქვეყანამ ჩააბარა”, – განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამგზავრების წინ აპატურაიმ.

აპატურაის განცხადებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბიძინა ივანიშვილი ბრიუსელში დაპატიჟა.

ნატოს მაღალჩინოსანი პირადად შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. შეხვედრის შემდეგ კი აპატურაიმ აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლება კვლავ აქტიურად გააგრძელებს ნატოსკენ სწრაფვას.

“ბატონი ივანიშვილის ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს ნატოსკენ სწრაფვას და მიიღებს ავღანეთის მისიაში მონაწილეობას. ვადასტურებ ნატოს სურვილს, საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. საქართველოს მომავალი ნატოში განისაზღვრება ავღანეთში თქვენი წვლილის შეტანით”,  – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კი მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო 2014 წლის შემდეგაც გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას ავღანეთის მისიაში.

“2014 წელს ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ აქცენტი გაკეთდება ავღანეთის ძალების წვრთნებზე, კონსულტაციებსა და მომზადებაზე. შესაძლოა, საქართველოც იყოს ჩართული ამ პროცესებში, თუმცა, ეს ეროვნულ დონეზე მისაღები გადაწყვეტილებაა. ჩვენ არ გვინდა, რაიმე დავგეგმოთ ისე, რომ საქართველო არ იყოს მასში ჩართული.  ალბათ, საქართველოს ექნება სურვილი, რომ 2014 წლის შემდეგაც შეიტანოს თავისი წვლილი ავღანეთის მისიაში და ეს წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ჯეიმს აპატურაიმ.

შეგახსენებთ,  ISAF-ის მისია 2014 წელს სრულდება და ნატო-ს კონტინგენტი ავღანეთს 2014 წელს დატოვებს.

ჯეიმს აპატურაიმ კიდე ერთხელ დაფიქსირა ნატო–ს ერთგულება საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.  

“ნატო ერთგული რჩება ბუქარესტის გადაწყვეტილების, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ჩვენ ასევე განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”, – აღნიშნა აპატურაიმ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი