ახალი ამბები

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

25 იანვარი, 2017 • 3017
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, 2016 წელს საქართველო მსოფლიო მასშტაბით (176 ქვეყანას შორის) 44-ე, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზეა, რასაც TI დადებითად აფასებს.

TI-ის პროგრამის ხელმძღვანელი, ერეკლე ურუშაძე აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესება (57 ქულა 52-ის ნაცვლად) კორუფციის აღქმის მხრივ ქვეყანაში გარკვეულ (თუმცა მცირე) წინსვლაზე მიუთითებს (რეიტინგში საქართველოს ადგილის ცვლილება ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან სხვა ქვეყნებში მომხდარი ცვლილებების შედეგი შეიძლება იყოს). ამასთან, ის გარემოება, რომ 2012-2016 წლებში საქართველოს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ იცვლებოდა, როგორც ურუშიძე აცხადებს, ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროგრესის არარსებობის ინდიკატორია.

2016 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიასა და ახალ ზელანდიაში (90 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი – სომალიში (10 ქულა). საქართველოს მაჩვენებელი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპის (ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოკლებით) და ცენტრალური აზიის რეგიონში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, 2016 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მენეჯერთა აზრის კვლევა, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“.

ერეკლე ურუშაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ საქართველოში გადაგმული პოზიტიური ნაბიჯებიდან აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში, რომლებიც გულისხმობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნას და მამხილებელთა დაცვის გაუმჯობესებას.

ეკა გიგაური და ერეკლე ურუშიძე წარადგენენ კორუფციის აღქმის ინდექსის 2016 წლის შედეგებს – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI). ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ეკა გიგაური და ერეკლე ურუშიძე წარადგენენ კორუფციის აღქმის ინდექსის 2016 წლის შედეგებს – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI). ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

TI–ის განცხადებით, ამავე დროს, საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის მხრივ შემდგომი პროგრესის უზრუნველსაყოფად საჭიროა სხვა მნიშვნელოვანი ზომების გატარება:

  • სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენის აღმოფხვრა, საჯარო და კერძო სექტორების ეფექტური გამიჯვნა;
  • დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა, რომელიც კორუფციის კომპლექსური ფორმების (მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის) პრევენციისთვის აუცილებელი უფლებამოსილებებითა და რესურსებით იქნება აღჭურვილი;
  • სასამართლო ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობის და პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
  • დამოუკიდებელი, პროფესიონალური და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება. საჯარო სამსახურში მიღებისა და საჯარო სამსახურიდან დათხოვნის ეფექტური და გამჭვირვალე სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებსა და ნეპოტიზმს ამ სფეროში;
  • საზედამხედველო და მარეგულირებელი ინსტიტუტების (მაგ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საჯარო სამსახურის ბიუროს) ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერება და მათ საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებული ჩარევის გამორიცხვა;
  • ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმების შექმნა სახელმწიფო საწარმოებში;
  • სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული შესყიდვების მეტისმეტად მაღალი ხვედრითი წილის შემცირება;
  • მამხილებელთა ეფექტური დაცვა პრაქტიკაში;
  • კორუფციის ფაქტების გამომვლენი ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სათანადოდ რეაგირება;
  • ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში 2015 წელს შესული პოზიტიური ცვლილებების რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედება.

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 2012 წელს 52 ქულა მიიღო (51-ე ადგილი), 2013 წელს – 49 ქულა (55-ე ადგილი), 2014 წელს – 52 ქულა (50-ე ადგილი), 2015 წელს – 52 ქულა (48-ე ადგილი).

კორუფციის აღქმის ინდექსი 2016. წყარო: TI

კორუფციის აღქმის ინდექსი 2016. წყარო: TI

მასალების გადაბეჭდვის წესი