ახალი ამბები

უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

25 იანვარი, 2017 • 6135
უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახური აცხადებს, ბრალდებულმა საკუთარ სავაჭრო ობიექტში სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე მალულად გაასაღა მარკირებას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი “მასტერი.” საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 და 210-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2-დან 4 წლამდე პატიმრობას.

აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საგამოძიებო სამსახური, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, ყველა საბაჟო – გამშვებ პუნქტზე ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს, რათა არ მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის შემოტანა.

2016 წლის 16 დეკემბერს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 93 ხმით 4-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით, სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე აქციზის საფასური გაძვირდა. სხვა პროდუქტებთან ერთად, გაიზარდა თამბაქოს აქციზის გადასახადიც, რამაც ბაზარზე სიგარეტების გაძვირება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი