ახალი ამბები

აქცია პირველ კლინიკურ საავადმყოფოსთან

18 ოქტომბერი, 2012 • • 1603
აქცია პირველ კლინიკურ საავადმყოფოსთან

“საავადმყოფოს ჰქონდა ორი შემომსასვლელი სამანქანო გზა, ერთი ჩვეულებრივი და ერთი სარეზერვო, რომ საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოს მანქანა შემოვიდეს, ცოტა ხნის წინ ერთი შემოსასვლელი ჩაიკეტა, ახლა კი რამდენიმე დღეა მეორე შემოსასვლელიც ჩახერგეს და მანქანები ძლივს შემოდიან, ეს დაუშვებელია და საბოლოოდ იქამდე მიგვიყვანს, რომ საავადმყოფო ნორმალურად ვერ მოემსახურება პაციენტებს, რის გამოც ისინი აქ მოსვლას საერთოდ აღარ მოინდომებენ”, – აცხადებს საავადმყოფოს ექიმი ნოე ლეჟავა.

 

ექიმების განცხადებით, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია ცოტა ხნის წინ მათთვის გაურკვეველ პიროვნებაზე გასხვისდა, რის შემდეგაც გზასთან დაკავშირებული პრობლემები დაიწყო.

 

აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, მათ აქციაზე სხვა მოთხოვნები გააჟღერეს:

 

“სამკურნალო დაწესებულების შენობის პრივატიზება რამდენიმე წლის წინ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ მის შეძენას სამედიცინო პერსონალი საკუთარი ხარჯებით აპირებდა, ამის შემდეგ დაწესებულებაში  მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. კლინიკა დატოვა მრავალმა გამოცდილმა სპეციალისტმა, დღემდე ბოლო არ უჩანს რემონტის დასრულებას, შემცირდა მედპერსონალის ხელფასი და იკლო პაციენტების რაოდენობამ. ჩვენ გამოვთქვამთ მტკიცე პროტესტს არსებული სიტუაციის გამო და ვთხოვთ ახალ ხელისუფლებას გადახედოს ამ საკითხ, თუ რამდენად კანონიერად გასხვისდა შენობა”, – განაცხადა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარემ ჯობი ჯანაშიამ, თუმცა ექიმები მის გამოსვლას არ დაეთანხმნენ. მათი თქმით, საავადმყოფოში მსგავსი არაფერი ხდება, ისინი კმაყოფილი არიან მფლობელით და ხელფასებსაც დროულად იღებენ, ხოლო პროფკავშირები მათ მიერ დაგეგმილ აქციას ბოროტად იყენებს.

 

დღევანდელ აქციაზე დაახლოებით 20–მდე ექიმი იყო შეკრებილი, აქცია დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის გამართვას ხელი არ შეუშლია მკურნალობის პროცესის მიმდინარეობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი