ნეტგაზეთი | “არა ფობიას”: “დაუშვებელია, სსმ-ის ეთერი ნაცისტური იდეოლოგიის ორგანიზაციებს დაეთმოთ” “არა ფობიას”: “დაუშვებელია, სსმ-ის ეთერი ნაცისტური იდეოლოგიის ორგანიზაციებს დაეთმოთ” – Netgazeti
RU | GE  

“არა ფობიას”: “დაუშვებელია, სსმ-ის ეთერი ნაცისტური იდეოლოგიის ორგანიზაციებს დაეთმოთ”

სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და გენერალურ დირექტორს მიმართავს მაუწყებლის მეორე არხის ეთერის არასამთავრობო ორგანიზაცია “ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა საქართველოს ეროვნულ ერთობისთვის” დათმობასთან დაკავშირებით და ამ ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს:

“ორგანიზაციის მიზნების პრეზენტაციისას მეორე არხის გადაცემა „ბრიფინგის დროში” რასისტული, ქსენოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები გაკეთდა. საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის” (რომელიც საკუთარ თავს იტალიური “ნაციონალ-სოციალიზმის” პოლიტეკონომიკურ იდეოლოგიის მიმდევრად აცხადებს) წარმომადგენელმა გიორგი ჭელიძემ, ორგანიზაცია “იტალიური ნაციონალ-სოციალიზმის” პოლიტ-ეკონომიკურ იდეოლოგიის მიმდევრად წარმოადგინა თავი და განაცხადა, რომ „სამი ეროვნული საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება შერწყმული არის პოლიტიკურ იდეოლოგიასთან – რასა, ერი, სახელმწიფო”. ამავე ორგანიზაციის წევრმა თემურ ვერულიძემ კი განცხადა, რომ მოძრაობა “შემგუებელი იქნება ყველა ეთნიკურად განსხვავებული საქართველოს მოქალაქის ტრადიციული, მენტალური თუ რელიგიური მსოფლმხედველობისადმი იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ შეურაცხყოფენ მენტალურ ქართულ მსოფლმხედველობას”, – წერს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია.

როგორც პლატფორმა “არა ფობიას!” წერს, ეს განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან. “კერძოდ, 31-ე მუხლის მიხედვით, მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე”, – განმარტავენ კოალიციაში.

“არა ფობიას” პოზიციით, არხის მიერ ასევე დარღვეულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსიც, რომლის პრეამბულა შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: საზოგადობრივი ფასეულობები – “პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ისეთი საკითხების გაშუქებას, რომლებიც საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის შეიძლება საზიანო ან შეურაცხმყოფელი იყოს”; თანასწორობა – “არ დავუშვათ ადამიანთა დისკრიმინაცია რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი, გენდერული თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით”.

“მართალია, გადაცემის “ბრიფინგის დრო” ფორმატი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში პოლიტიკური პარტიების ბრიფინგების ჩაწერასა და  მონტაჟის გარეშე ეთერში განთავსებას ითვალისწინებს, თუმცა ვთვლით, რომ დაუშვებელია, საზოგადოებრივი არხის ეთერი ნაცისტური იდეოლოგიის ორგანიზაციებს დაეთმოთ”, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისინი მიმართავენ მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს, შეიმუშავონ შიდა რეგულაციები, რომლებიც “უზრუნველყოფს აღნიშნულ ფორმატში მაუწყებელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსების ანტიდისკრიმინაციული დებულებების დაცვას და მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას. მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქმედითი ღონისძიებები გადადგას, რათა მისი ეთერი საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივების და რასისტული ჯგუფების პლატფორმად არ იქცეს”, – წერია განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com