ახალი ამბები

“სსრკ-ის ჩუმი ოპოზიცია” – რა ინფორმაცია ჰქონდა აშშ-ის დაზვერვას 1953 წლის საქართველოზე

23 იანვარი, 2017 • 4586
“სსრკ-ის ჩუმი ოპოზიცია” – რა ინფორმაცია ჰქონდა აშშ-ის დაზვერვას 1953 წლის  საქართველოზე

“ქართული ეროვნული დამოკიდებულებები და მისწრაფებები” – ამ სათაურის მქონე დოკუმენტი ცენტრალური სადაზვევრო სააგენტოს (CIA) არქივში ინახება, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია. იმ დროისათვის საიდუმლო დოკუმენტი 1953 წლის ოქტომბრითაა დათარიღებული და ასახავს ინფორმაციას, რომელიც იმ დროს CIA-ის საბჭოთა საქართველოს შესახებ ჰქონდა მოპოვებული.

დოკუმენტში მოცემულია გარკვეული სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელი ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობდნენ საქართველოში, როგორ იყო გადანაწილებული ბალანსი ეთნიკურ ჯგუფებს შორის ადგილობრივ სამუშაო ბაზარზე, რა დოზით იყო რუსული ენა საქართველოში გავრცელებული და ა.შ.

Screen Shot 2017-01-23 at 6.48.49 PM

Screen Shot 2017-01-23 at 6.49.24 PM

CIA-ის დოკუმენტში  ასევე წერია იმის შესახებ, თუ რა სახის ურთიერთობები არსებობდა რუსებსა და ქართველებს შორის, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით. ინფორმაციის წყარო იმ დროისათვის საიდუმლო დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის.

თბილისი, ვაკე 195 წელი. ფოტო აღებული Jumpstart Georgia-ს ვებგვერდიდან. ფოტოგრაფი უცნობია.

თბილისი, ვაკე 1961 წელი. ფოტოს ავტორი – ტარიელ გრიგოლია

“ქართველებსა და რუსებს შორის მტრობის ან შუღლის ტენდენცია არ გამოვლენილა, თუმცა ჩანს, რომ ქართველები სხვა ეროვნებების [უმეტესობის] წარმომადგენლებს ზემოდან უყურებდნენ. მათ დამოკიდებულებებსა და ურთიერთობებში რუსების მიმართ აშკარად იგრძნობოდა სიცივე (გულგრილობა) და ისინი ამჯობინებდნენ, სოციალურად არ ყოფილიყვნენ ასოცირებული რუსებთან.

ბევრი ქართველის დამოკიდებულება იყო ასეთი: “რუსები ბევრს შრომობენ და ეს მოსწონთ. ჩვენ, ქართველებს არ გვიყვარს მუშაობა, ასე რომ, მივცეთ რუსებს ამის საშუალება”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

რაც შეეხება ქართულ ენას, CIA-ის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ის საერთოდ არ არის ასიმილირებული რუსულთან.  

“პარტიულმა ორგანიზაციებმა მნიშნელოვნად იმუშავეს ქართული ენის “გასასუფთავებლად”. ისინი ცდილობდნენ ენის გათავისუფლებას არქაული და უცხოური სიტყვებისგან. კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივნამა ამ თემაზე 1950 წელს ანგარიშიც მოამზადა. მიუხედავად ამისა, ბევრი უცხოური სიტყვა კვლავაც გამოიყენება ქართულ ენაში. ქართული გაზეთებისათვის თვალის გადავლება ნათლად აჩვენებს, რომელი უცხოური (მეტწილად ევროპული) სიტყვები გამოიყენება ქართულში. ქართველებმა არ მიიღეს ბევრი საბჭოთა სტანდარტული ფრაზა მისი რუსული ფორმით, მაგრამ ისეთი მნიშვნელობების განსასაზღვრად, როგორიცაა, მაგალითად, “კოლექტიური ფერმა”, “სახელმწიფო ფერმა” და “კომუნისტი”, საკუთარ სიტყვებს იყენებენ”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დოკუმენტის მიხედვით, მართალია, ქართველებში არ იყო სიძულვილი რუსი ხალხის მიმართ, “მაგრამ თითქმის ყველა ქართველი ეწინააღმდეგებოდა მოსკოვიდან მოქმედი საბჭოთა რეჟიმის მხრიდან საქართველოზე სრულ დომინაციას”.

“ეს გრძნობა ძლიერი იყო გლეხობასა და ინტელიგენციაში. ხალხს სჯეროდა, რომ რუსეთმა მოიტანა კომუნიზმი საქართველოში და თავს მოახვია ადამიანებს. [ქართველებში] ადგილი აქვს არა სიძულვილს რუსების მიმართ, არამედ მათი ხელისუფლების მიმართ. ქვეყნის დამოუკიდებლობა მიიტაცა არა მეზობელმა ხალხმა, არამედ მათმა მმართველმა ძალამ. ძლიერი სიძულვილი რუსების მიმართ, რომელიც არსებობდა კომუნიზმის დამყარებამდე და ამის შემდეგაც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დიდწილად ტრანსფორმირდა საბჭოთა ხელისუფლებისადმი სიძულვილში. “ბევრმა ქართველმა ახლა გააცნობიერა, რომ რუსი ხალხი ისეთივე სულელია, როგორც ჩვენ”.

“ქართველებს ისტორიულად ახასიათებდათ შეუპოვარი სიყვარული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი. ქართველები მეგობრული, სტუმართმოყვარე და ადვილი ხალხია, რომლებსაც არ უყვართ დამსმენობაში მონაწილოება. მათ აქვთ მკაცრი [ულმობელი] კანონებისაგან თავის აცილების კარგად განვითარებული ნიჭი და შესაძლებლობა. მათ აქვთ ტოლერანტობის განცდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამას აკეთებს. აღვნიშნავთ, თუ ქართველი გაიგებს, რომ ვიღაც ფულს აკეთებს არცთუ ისე ლეგალური გზით, ის მიდრეკილია თქვას, “გაააკეთოს ასე და იყოს წარმატებული”.

ეს არის ის ხასიათი, რომელმაც მისცა ქართველებს საშუალება, რომ განევითარებიანთ საბჭოთა რეჟიმის “ჩუმი ოპოზიცია”. ქართველები ემორჩილებოდნენ საბჭოთა სახელმწიფოს სხვადასხვა სავალდებულო ფორმას, მაგრამ როდესაც შეეძლოთ, იქცეოდნენ ისე, როგორც ყოველთვის.

კანონის სიტყვა-სიტყვითი განმარტებისაგან თავის არიდება საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო”, – ვკითხულობთ დოკუმენტში, სადაც ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველოში არ არსებობდა ორგანიზებული ფორმის წინააღმდეგობა საბჭოთა კავშირის რეჟიმის მიმართ.

“საბჭოთა კავშირში საქართველოს და სხვა ეთნიკურ უმცირესობათა ეკონიმიკა იმდენად  დაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებულია, რომ იქ მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ფედერალურ სისტემას, რომელიც ყველა მხარეს თანაბარი უფლებებით უზრუნველყოფს და აღმოფხვრის მოსკოვის სრულ დომინაციას”.


 

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) 13 მილიონი დეკლასიფიცირებული დოკუმენტი ონლაინ გამოაქვეყნა. მანამდე ეს დოკუმენტები მერილენდში მდებარე ეროვნულ არქივის 4 კომპიუტერში იყო დაცული.

გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა უფრო ნათელი გახადა სააგენტოს საქმიანობა ვიეტნამის, კორეის და ცივი ომის დროს.

“ისტორიულად მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა გეოგრაფიული ბარიერებით დიდი ხანია შეზღუდული აღარაა”,- ნათქვამია სააგენტოს საინფორმაციო მენეჯმენტის დირექტორის, ჯოზეფ ლამბერტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. ოქტომბერში სააგენტო იმედოვნებდა, რომ არქივების გამოქვეყნება 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდებოდა, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად დოკუმენტები დაგეგმილზე ადრე განთავსდა ონლაინ.

გამოქვეყნებული დოკუმენტები სააგენტოს თითქმის მთელ ისტორიას ეხება, მისი დაარსებიდან 90-იანი წლების ჩათვლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი