საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ხეთაგურმა დღეს, 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ
მთავრობის გადაწყვეტილებით, ტელემაუწყებლებს შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და მათზე დარიცხული სანქციები შეუმცირდებათ.
მიმდინარე წლის ივლისში შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე რამდენიმე საათით გამოქვეყნდა ინფორმაცია ტელეკომპანიების დავალიანების შესახებ, მოგვიანებით კი აღნიშნული ინფორმაცია უწყების ვებ-გვერდიდან გაქრა.
ტელეკომპანია “მაესტროს” ცნობით, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტისადმი დავალიანება 14 მილიონამდე ლარის ოდენობით აქვს ტელეკომპანია “იმედს”, “რუსთავი 2”–ის დავალიანებაა 5.5. მილიონი ლარი, ხოლო ტელეკომპანია “საქართველოსა” და “თრიალეთის” დავალიანება ჯამში 10 ათას ლარს არ აღემატებოდა 2012 წლის 19 ივლისის მდგომარეობით.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, დავალიანების შემცირების შესახებ ინიციატივა “ხელს შეუწყობს მაუწყებლების სტაბილური ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფას, სატელევიზიო ბაზრის განვითარებას, თავისთავად, კონკურენციის გაზრდას. მაუწყებლებს გაუჩნდებათ საშუალება, მოიზიდონ დამატებითი ინვესტიციები და განავითარონ ტელეკომპანიები ყველა მიმართულებით”.
ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორი ილია კიკაბიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მის ტელეკომპანიას სახელმწიფოსადმი არანაირი დავალიანება არ გააჩნია და პირიქით, წინმსწრებად აქვს გადახდილი გადასახადები.
“ეს გადაწყვეტილება არის იმისთვის, რომ არ გაკოტრდეს “რუსთავი 2” და “იმედი”. ჯერ კიდევ მოქმედ ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ სანამ დრო აქვთ, ამ ვალებს ჩამოაწერენ და ასე შეინარჩუნებენ ტელეარხებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოჩნდება იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას მაშინ, როცა ხელისუფლება შეიცვლება რეალურად”, – აცხადებს ილია კიკაბიძე.
მისივე თქმით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ტელებაზარზე კონკურენციას ხელს არ უწყობს.
“კონკურენციას როგორ შეუწყობს ხელს? უკვე მეორეჯერ ჩამოაწერეს ვალები ამ ტელეარხებს, სარეკლამო ბიზნესი აბსოლუტურად მონოპოლიზებული იყო მთელი ამ წლების განმავლობაში, ბიზნესს აკრძალული ჰქონდა ჩვენთან რეკლამის მოტანა. წლების წინ ვალები ჩამოაწერეს, ახლა ისევ აწერენ. სხვა ტელევიზიებმა რა უნდა ვქნათ? იქნებ დავუმზადოთ გადაცემები და უფასოდ გადავცეთ ეთერში გასაშვებად?” – ამბობს ილია კიკაბიძე.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ 2010 წლის ივლისში, ჯამში, 36 მილიონი დავალიანება ჩამოაწერა სხვადასხვა ტელეარხს, აქედან, ჯამში, 2 მილიონამდე იყო რეგიონული მაუწყებლების წილი, 9 მილიონი – “საზოგადოებრივი მაუწყებლის”, დანარჩენი 25 მილიონი კი –“რუსთავი 2”–ისა და “იმედის”.
“როდესაც პირველად ჩამოაწერეს ტელეკომპანიებს დავალიანება და გავაპროტესტე, მაშინ პავლე კუბლაშვილმა მითხრა, რომ თქვენც რომ დაგეგროვებინათ დავალიანება, თქვენც ჩამოგაჭრიდითო. ვკითხულობდი, მე როგორ უნდა მქონდეს დავალიანება, როცა ვერ დავაგროვებდი ვერანაირად? რომც არ გადამეხადა, ძალით გადამახდევინებდნენ, ტელეკომპანიის ანგარიშს ინკასოს დაადებდნენ”, – ამბობს ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.
ის იხსენებს 2011 წელს მომხდარ შემთხვევას, როცა “კავკასიის” ანგარიშს შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო. ჯანგირაშვილის თქმით, მაშინ “კავკასიას” მიმდინარე დავალიანება დაერიცხა 2 ათასი ლარის ოდენობით.
“ამ თანხის ანგარიშიდან მოხსნიდან მეორე დღეს კვლავ დაგვადეს ინკასო. გავარკვიეთ, აღმოჩნდა, რომ 2 ლარი და 15 თეთრის ჩამოჭრა დავიწყებიათ”, – იხსენებს ნინო ჯანგირაშვილი.
“ეს არ იყო და არ არის ამნისტია, ეს არის კრიმინალური გარიგება. ფაქტიურად ორი ტელევიზია ამ 9 წლის მანძილზე გათავისუფლებული არიან გადასახადებისგან. დააგროვებენ დავალიანებას, ჩამოაჭრიან. რა კონკურენციაზე და თანაბარ პირობებზეა საუბარი? რასაც “კავკასია” წლების მანძილზე რიცხავს ბიუჯეტში, იცით, რამდენ კამერას ვიყიდიდით, ან რამხელა შენობას, ან რა ტექნიკას? ეს ადმიანები გადასახადებს არ იხდიდნენ, ბიუჯეტიდან ჰქონდათ დიდი შემოსავალი, რეკლამიდან იძულებით იღებდნენ ფულს და ახლა ამნისტიაც. ეს არის კრიმინალური გარიგება. ამით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი უწყებები”, – მიიჩნევს ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი.
რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცის ხელმძღვანელის, ნათია კუპრაშვილის თქმით, რეგიონულ მაუწყებელთა უმრავლესობას საგადასახადო პრობლემა არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ამის შესახებ ინფრომაცია ექნებოდა. ის მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება კონკრეტული ტელევიზიების ინტერესებს ემსახურება.
“ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკა რეგიონული ტელეკომპანიებისადმი ყოველთვის იყო მკაცრი. 10 წლის ლიცენზიის გადასახადი ერთად გადაახდევინა, ხელისუფლებამ გააღარიბა და გააცამტვერა რეგიონული ტელეკომპანიები. გარდა ამისა, სახელმწიფო ანძების გადასახადიც გაუძვრია და არც ერთი ჩვენი თხოვნა, რაიმე შეღავათები ყოფილიყო, არ გაითავლისიწნა ამ წუთას მოქმედმა ხელისუფლებამ”, – აცხადებს ნათია კუპრაშვილი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტრომ მიიღო დისკრიმინაციული გადაწყვეტილება კონკრეტული მაუწყებლების სასარგებლოდ.
“ჩვენ გვახსოვს, 2010 წელს მიიღეს გადაწყვეტილება ტელევიზიების ფინანსური ამნისტიის შესახებ. იმის შემდეგ სხვა მედიასაშუალებებმა არ და ვერ დააგროვეს საგადასახადო დავალიანება, რატომ მოხდა, რომ კონკრეტულ ტელეკომპანიებს მილიონობით დავალიანება კვლავ დაუგროვდათ? რატომ აძლევდა მათ შემოსავლების სამსახური დავალიანების დაგროვების საშუალებას და დროულად რატომ არ რეაგირებდა? როგორ მოახერხეს ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელევიზიებმა მილიონობით ლარის დავალიანების დაგროვება? სწორედ ამიტომ, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის სამართლიანი დამოკიდებულება ტელეკომპანიების მიმართ”, – აცხადებს თამარ კორძაია.
მისივე მოსაზრებით, ფინანსთა სამინისტროს დასაბუთება ახალი შეღავათების შესახებ კიდევ უფრო მეტ ეჭვებს აჩენს ამ ტელეკომპანიების ფინანსური სახსრების წარმომავლობაზე და მოითხოვს დამაჯერებელ პასუხებს ხელისუფლების მხრიდან.
“ეს არის კონკრეტული ტელევიზიებისთვის გაწეული შეღავათი და არა სხვა რომელიმე მედიასაშუალებისთვის. გამოდის, რომ სხვა მედიასაშუალებებთან მიმართებაში აღნიშნულ ტელეკომპანიებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებენ. იურიდიული პირი, რომელიც იცავდა კანონს და ასრულებდა მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს, გამოდის, რომ შეძლო ეს ვალდებულებები არ შეესრულებინა იმ იმედით, რომ ოდესღაც ვინმე აპატიებდა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მისივე თქმით, დაუშვებელია საგადასახადო წნეხით ტელეკომპანიების მიყვანა გაკოტრების პირამდე, თუმცა, ასევე მიუღებელია მათთვის მოქალაქეთა მიერ შევსებული ბიუჯეტის ხარჯზე გაურკვეველი შეღავათების მინიჭება.
თამარ კორძაიას მოსაზრებით, თავისუფლად შეიძლებოდა, რომ საგადასახადო ორგანოებს მოეხდინათ ამ ვალების რესტრუქტურიზაცია და ვალის გადახდის კონკრეტული გრაფიკი ისე დაედგინა, რომ ტელევიზია არ ჩავარდნილიყო ცუდ მდგომარეობაში და არ შეფერხებულიყო მათი მუშაობა.
“ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა “იმედისა” და “რუსთავი 2”–ის მენეჯმენტს, თუმცა მათთან დაკავშირება მთელი დღის მანძილზე ვერ მოხერხდა.







