ახალი ამბები

გასაიდუმლოებული ხელშეკრულების დეტალები და ტელეარხი 25-ის დამფუძნებლები

15 ოქტომბერი, 2012 •
გასაიდუმლოებული ხელშეკრულების დეტალები და ტელეარხი 25-ის დამფუძნებლები

მაშინ არხის მფლობელების ახლობლებს ხელისუფლებამ რამდენიმე მილიონის ღირებულების ქონება აჩუქა. 24 თებერვალსვე არხი იყიდა დღეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა დეპუტატმა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „ტელეარხი 25“-ის სამივე დამფუძნებლის ნათესავებს სახელმწიფომ თბილისისა და ბათუმის პრესტიჟულ უბნებში 1 100 კვადრატული მეტრი ქონება წლის დასაწყისში აჩუქა. ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელიც „ბათუმელებმა“ გასულ პარასკევს მიიღო, საჩუქრების მიმღებთ სახელმწიფო არაფერს ავალდებულებს – მთელი ხელშეკრულება შედგება, მაგალითად, ასეთი ნიუანსებისაგან: `თუ მყიდველი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს საპრივატიზაციო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს…“ ან „მყიდველს აქვს საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება…“ – ხელისუფლება არხის მფლობელების ახლობლებს ხელშეკრულების გაუქმების შესახებ აფრთხილებს, თუ ისინი 30 დღეში არ გადაიხდიან 1 ლარს ქონებაში, რომელიც რამდენიმე მილიონი ღირს.

 

 

რა დამსახურებისთვის მიიღეს „ტელეარხი 25“-ის მფლობელების ახლობლებმა რამდენიმე მილიონის ღირებულების ქონება ხელისუფლებისგან? –  ჟურნალისტების მიერ დასმულ ამ კითხვაზე კომენტირების დროს ხელისუფლებასთან რაიმე სახის გარიგებას კატეგორიულად უარყოფდნენ არხის დამფუძნებლები –  მერაბ მერკვილაძე, გია სურმანიძე და მალხაზ ვერძაძე. ისინი ამის დასტურად იშველიებდნენ საჯარო რეესტრს, სადაც ტელევიზიის მფლობელებად კვლავაც თვითონ ფიქსირდებოდნენ.

 

 

თუმცა რვა თვის წინ ტელევიზიაში ერთი არსებითი ცვლილება მოხდა – მერაბ მერკვილაძემ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დირექტორობაზე უარს ამბობდა. მან იყიდა ძვირადღირებული ბინა თბილისში და დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო არხის მართვა გია სურმანიძეს, თავის პარტნიორს გადააბარა.

 

 

მერაბ მერკვილაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მხოლოდ გასულ კვირას დაწერა, რომ არხი გაყიდულია. შესაბამისი ჩანაწერი გაჩნდა რეესტრშიც, რითაც ირკვევა, რომ „ტელეარხი 25“-ის 50 პროცენტს 24 თებერვლიდან ფლობს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატი წალენჯიხიდან ლევან ქარდავა, რომელიც უახლოესი მეგობარია მეგის ქარდავასი (მეგის ქარდავა სამხედრო პოლიციის უფროსი, ბაჩო ახალაიას თანაგუნდელი და პატიმრების წამების სკანდალის ერთ-ერთი მთავარი პირია, რომელმაც წამების კადრების გავრცელებიდან მალევე დატოვა საქართველო).

 

 

მერაბ მერკვილაძე თავისი ფეისბუქის გვერდზე კვლავაც უარყოფს ნათესავებისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებასთან მის რაიმე სახის კავშირს, რაც არ არის საკმარისი არგუმენტი არხის გარშემო შექმნილი ეჭვების გასაფანტად. მით უფრო, რომ სახელმწიფოსგან მიღებული ქონების დამადასტურებელი ხელშეკრულების შინაარსის გამხელაზე უარს აცხადებდნენ, როგორც საჩუქრის მიმღები ირაკლი კრიჭაშვილი (მერაბ მერკვილაძის დეიდაშვილის ქმარი), მერი ქარცივაძე (მალხაზ ვერძაძის სიდედრი) და ლელა მითაიშვილი (გია სურმანიძის დეიდაშვილი), ისე საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და აჭარის მთავრობა (გასულ კვირამდე მათ რიგებში იყო იუსტიციის სამინისტროც). „ბათუმელებს“ ხელშეკრულების ქსეროასლების მიღებაზე უარი უთხრა როგორც ბათუმის, ისე ქუთაისის სასამართლოებმაც. 24 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების დაფარვაში ოთხმა უმაღლესმა სახელმწიფო ინსტანციამ მიიღო მონაწილეობა.

 

 

13 ოქტომბერს კი „ბათუმელებმა“ იუსტიციის სამინისტროსგან მოულოდნელად მიიღო სმს შეტყობინება –  სამინისტრომ რედაქციას 23 აპრილს, ანუ თითქმის ექვსი თვის წინ გამოთხოვილი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა დაუდასტურა. უკვე მოპოვებული ხელშეკრულების შესწავლის შედეგად კი ირკვევა, რომ ხელისუფლებამ ყოველგვარი პირობის გარეშე გადასცა არხის დამფუძნებლების ახლობლებს ქონება, რაც იურისტების განმარტებით, კანონის დარღვევაა.

 

 

თამარ კორძაია, იურისტი: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი ქონების 1 ლარად გაცემას ითვალისწინებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რატომ გასცა ეს ქონება ამ ფორმით. ქონების გადაცემისთვის არსებობს რამდენიმე წინაპირობა. მაგალითად, 1. შეიძლება ქონება გადასცე ვიღაცას ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის. 2. ინვესტირებისთვის, 3. თუ ეს ქონება შენობაა, უნდა იყოს დასაბუთებული, რას გააკეთებს მიმღები ამ შენობაში.

 

თუ ქონება გაიცა ყოველგვარი პირობის გარეშე, ქონების მიმღები პირი ვერ ასაბუთებს, რა დამსახურებისთვის მიიღო მან ეს ქონება, მაშინ იმავე ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელმაც დადგენილება მიიღო, შეიძლება დააყენოს აქტის ბათილობის საკითხი… თუ ადმინისტრაციული ორგანო გააუქმებს აქტს, მან უნდა დაასაბუთოს, რაში გამოიხატა აქტის კანონთან წინააღმდეგ მოსვლა და რა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ინტერესს…

 

კონკრეტულმა მოხელემ, რომელმაც გადაამეტა უფლებამოსილებას, თავისი ქმედებით ზიანი მიაყენა სახელმწიფო ინტერესებს და ქონება გადასცა ყოველგვარი სარგებლის გარეშე, თანამდებობრივად უნდა აგოს პასუხი. შეიძლება დადგეს მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც, მაგრამ ეს დეტალური შესწავლის საგანია, რაც შეიძლება საკმაოდ რთული პროცედურა იყოს“. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი