ახალი ამბები

სააკაშვილი: ოლიგარქებს არ ესმით, რა არის ნამდვილი პოლიტიკური პარტია

20 იანვარი, 2017 • 3066
სააკაშვილი: ოლიგარქებს არ ესმით, რა არის ნამდვილი პოლიტიკური პარტია

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოლიგარქებს არ ესმით, რა არის ნამდვილი პოლიტიკური პარტია. მისი თქმით, ოლიგარქები მხოლოდ პროექტებს ქმნიან, დებენ ფულს და ყიდულობენ პოლიტიკოსებს. ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ენმ არის ერთადერთი ნამდვილი პარტია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ყრილობის დელეგატებსა და თანამებრძოლებს ლაივსტრიმით აშშ–იდან მიმართა, სადაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციას უნდა დაესწროს.

“მინდა მოგილოცოთ, რომ ივანიშვილის გეგმა ენმ–ის გაქოცების და ჯიბეში ჩადების ჩაიფუშა. ეს არის მისი პირველი მარცხი 2012 წლის შემდეგ და, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი. ჩანაფიქრი, ჩამოვეცილებინე პარტიას, რომ პარტია გადაექცია რაციონალურ, ლაგამამოდებულ, ყველაფრის გამპრავებელ… მან თქვენ ვერ გათქმევინათ უარი პრინციპებზე და ვერ დაგაყენათ ღალატის გზაზე, ვერ გათქმევინათ უარი იდეალებზე,” – მიმართა თანამებრძოლებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის ვერასდროს გაიგებს, თუ რა ამოძრავებს ნაციონალურ მოძრაობას. მისი თქმით, ოლიგარქებს არ ესმით, რა არის ნამდვილი პოლიტიკური პარტია:

“ივანიშვილი ვერასდროს მიხვდება, მის ტვინამდე ვერასდროს მივა, თუ რა გვამოძრავებს ჩვენ, რა გვაძლევს იმის ძალას, რომ არ შევდრკეთ, არ ჩავიფუშოთ და არ ჩავიქნიოთ ხელი. ოლიგარქებს არ ესმით, რა არის ნამდვილი პოლიტიკური პარტია. ისინი ქმნიან პროექტებს, დებენ ფულს, ყიდულობენ ერთ პოლიტიკოსს, აკავშირებენ და ქმნიან [პარტიებს] პოლიტიკოსებისგან. შემოჰყავთ და გაჰყავთ პოლიტიკური არენიდან პარტიები. ესენი, ყველა ეს პარტია, არიან მათი [ოლიგარქების] მარიონეტები.”

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ენმ არის ერთადერთი ნამდვილი პოლიტიკური პარტია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პარტია, რომელიც შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა.

“ნაციონალური მოძრაობა – ეს არის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და საქართველოში უპირობოდ ერთადერთი, ნამდვილი პოლიტიკური პარტია. ეს არის პარტია, რომელიც შეიქმნა მაშინ, როდესაც დაჩოქებულ საქართველოს სვავებივით ძიძგნიდნენ შევარდნაძეები და მისი სატრაპები, მისი კორუმპირებული ოჯახის წევრები, ფეოდალები და კანონიერი ქურდები. ჩვენ შევქმენით და ყველა მათგანს ერთდროულად გამოვუცხადეთ ომი. ჩვენ გვებრძოდნენ კრიმინალური ავტორიტეტები: ასლან აბაშიძე, რუსეთის აგენტები და ჩვენ არც ქურდებს ვეთამაშებოდით და არც პატარკაციშვილის კალთას ვაფარებდით თავს, როგორც ბევრი. არც ასლან აბაშიძესთან გავრბოდით და არც ქურდებს ვპირდებოდით “პალაჟენიას”. ჩვენ ვებრძოდით ყველა მაშინდელ კლანს, ყველა მათ სისტემას, მიუხედავად იმისა, რომ ყველას გიჟებად მივაჩნდით. სექტად გვაცხადებდნენ, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა იმის, რაც არც ფულით იყიდება და ვერც ტყვიით ჩერდება – ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე,” – განაცხადა სააკაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის დღევანდელ ყრილობაზე ნუგზარ წიკლაურმა წარმოადგინა რეზოლუცია, რომელსაც ყრილობამ მხარი დაუჭირა და რომლის მიხედვით, ენმ-ს თავმჯდომარე არ ეყოლება, ვიდრე ყოფილი თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, მისი თქმით, პოლიტიკურ დევნილობაში იმყოფება. შედეგად, პარტიის სამდივნოები უქმდება, თუმცა ვანო მერაბიშვილი გენმდივნის თანამდებობას ინარჩუნებს, ხოლო პარტიის ლიდერი კვლავ მიხეილ სააკაშვილი იქნება. ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს, ხოლო მოადგილეებად -ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი