ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსის” ფრაქცია ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

20 იანვარი, 2017 • 1656
“პატრიოტთა ალიანსის” ფრაქცია ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

დღეს, 20 იანვარს, “პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო ფრაქცის წევრები ვენეციის კომისიის დელეგაცის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ფრაქციის წევრებმა ყურადღება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებაზე გაამახვილეს.

ფრაქციის თავმჯდომარის, გიოგი ლომიას განცხადებით, კომისიას არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც პარლამენტმა 2016 წელს განიხილა და კენჭი არ უყარა:

“სხვადასხვა საკითხს შევეხეთ, მაგრამ ძირითადად იმ კანონპროექტზე ვისაუბრეთ, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეიტანა პარლამენტში მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე. ამ კანონპროექტს მაშინ კენჭი არ უყარეს, რაც, სავარაუდოდ, შეგნებულად მოხდა, რადგან მმართველ გუნდს მაჟორიტარული სისტემა სჭირდებოდა.”

გიორგი ლომიას აზრით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე საკონსტიტუციო კომისიამ არ უნდა იმსჯელოს, არამედ არსებულს პროექტს უნდა უყროს პარლამენტმა კენჭი:

“ვენეციის კომისია გარანტორად გამოდის, რომ იურიდიული პროცედურა დაცული იქნება. კომისია ოპოზიციას ყოველთვის გვერდში ედგა და თუ ყველაფერი კანონის ფარგლებში ჯდება, ჩვენ ის მხარს დაგვიჭერს,” – აღნიშნა ლომიამ.

ვენეციის კომისიის დელეგაციას დღეს უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე. შეხედრის შემდეგ  კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ  თქვა, რომ  მისთვის მოსაწონია  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მზაობა, ვენეციის კომისიის შენიშვნები გაითვალისწინოს:

“მე საქართველოს მეგობარი ვარ ოც წელზე მეტია. ჩვენ ვაპირებთ ცვლილებების შეტანას საქართველოს კონსტიტუციაში. მთლიანობაში, ეს არის კარგი ტექსტი, შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, მაგრამ ეს არის ტექსტი, რომელიც უნდა გაუმჯობესდეს. ბოლო გადახედვის დროს, 2010 წელს, ვენეციის კომისიამ გამოთქვა კრიტიკული შენიშვნები ზოგიერთ საკითხზე, რომელთა სრულყოფაც უნდა მოხდეს. წინა პარლამენტის ფარგლებში იყო საკონსტიტუციო კომისია შექმნილი  და წარმატებულად იმუშავა, ასე ვთქვათ. ჩვენ თავზე არაფერს მოგახვევთ, ჩვენ გვსურს, კონსტიტუცია გაუმჯობესდეს და სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.”

კომისიის წევრებს დღესვე საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციის წევრები შეხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი