ახალი ამბები

გაზსაცავის მშენებლობა საქართველოში 2018 წლამდე არ დაიწყება

20 იანვარი, 2017 • 4068
გაზსაცავის მშენებლობა საქართველოში 2018 წლამდე არ დაიწყება

საქართველოში პირველი გაზსაცავის მშენებლობა 2016 წლის ნაცვლად 2018 წელს დაიწყება. 

ნავთობისა და გაზის კორპორაციაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ 2016 წელს იგეგმებოდა არა უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების, არამედ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება და პროცესი ისე მიმდინარეობს, როგორც დაგეგმილი იყო. თუმცა 2015 წელს კორპორაცია ვებ-გვერდზე იუწყებოდა, რომ გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება 2015 წლის ბოლომდე დასრულდებოდა, უშუალოდ მშენებლობა კი 2016 წელს დაიწყებოდა.

მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ საბადოზე იგეგმება.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც გაზსაცავი არა აქვს, რაც საქართველოს არ აძლევს საშუალებას, დამოუკიდებლად დააბალანსოს ბუნებრივ აირზე ზაფხულისა და ზამთრის მოთხოვნილება (ამ მომსახურებას საქართველოს უწევს აზერბიაჯანული კომპანია “სოკარი”). ამასთან, გაზსაცავის არქონა გაზის მიწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს რისკის წინაშე აყენებს.

როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებსაიტიდან ვიგებთ, გაზის მიწისქვეშა საცავის პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2018 წლის დასაწყისში, დასრულება კი — 2020 წლისთვის იგეგმება, ანუ იმ პერიოდისთვის, როდესაც საქართველოს მიერ შაჰდენიზის (სამხრეთ კავკასიის, ან ბაქო-თბილისი-ერზრუმის) გაზსადენიდან მისაღები გაზის მოცულობების ზრდას ელოდებიან.

როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებსაიტიდან ვიგებთ, გაზსაცავის პროექტის განვითარების პირველი ეტაპის დროს ჩატარებულმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა შესწავლამ დაადასტურა, რომ გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია დამატებითი გეოლოგიური კვლევების ჩატარება სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე, რაც ითვალისწინებს ამ საბადოზე ორი შემფასებელი ჭაბურღილის ბურღვას დაახლოებით 2500 მეტრამდე სიღრმეზე. ამ სამუშაოებისათვის კორპორაციამ 17 ნოემბერს გამოაცხადა ტენდერი (NAT160003498), ხოლო წინადადებების მიღება 16 იანვარს დასრულდა.

სამგორის სამხრეთის თაღი

სამგორის სამხრეთის თაღი

კორპორაციის გეგმით, 2018 წლამდე უნდა დასრულდეს საინჟინრო-საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტების შემუშავება. ამ საქმიანობას ახორციელებს ფრანგული კომპანია “ჯეოსტოკი”. გაზის კორპორაციის ინფორმაციით, კომპანია საჭირო დოკუმენტებს 2017 წლის ბოლომდე მოამზადებს. სწორედ ამის შემდეგ იგეგმება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყება.

ბუნებრივი აირის მარაგების ქონას ქვეყანას ავალდებულებს გაწევრიანება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში, რომელსაც საქართველო 2016 წელს შეუერთდა (2017 წლის გაზაფხულზე, პარლამენტის მიერ საქართველოსა და გაერთიანებას შორის პროტოკოლის რატიფიცირების შემდეგ, საქართველო გაერთიანების სრულფასოვანი წევრი გახდება).

ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის თქმით, სამგორის სამხრეთი თაღის სტრუქტურაზე გაზსაცავის მშენებლობის შემდეგ შესაძლებელი იქნება მასში 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა, რაც, გაზის კორპორაციის თქმით, საქართველოში გაზის მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, ამ სტრატეგიული ობიექტის – გაზის მიწისქვეშა საცავის – მშენებლობით ამაღლდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება, რადგან ბუნებრივი გაზის ქვეყნის გარედან მოწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მომხმარებლებისათვის გაზსაცავიდან გაზის მიწოდება, ასევე – გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირება და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი