ახალი ამბები

თბილისის მიკროავტობუსის მძღოლები აქციის გამართვას გეგმავენ

12 ოქტომბერი, 2012 •
თბილისის მიკროავტობუსის მძღოლები აქციის გამართვას გეგმავენ

როგორც დღეს, 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, აქციის ორგანიზების თხოვნით მათ რამდენიმე მძღოლმა მიმართა:

“აქციის იდეა ჩვენ არ გვეკუთვნის, თავად მძღოლებმა მოგვმართეს, რადგან მათი სამუშაო პირობები არის კაბალური. მოგეხსენებათ, აქამდე რატომაც იყვნენ გაჩუმებული, ახლა კი იმედი მიეცათ, რომ მათი პირობები გაუმჯობესდება”, – განაცხადა უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მჟავანაძემ.

როგორც ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, მძღოლებს რამდენიმე პრობლემა აწუხებთ:

“კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსი’’ დღეს მძღოლებს მონურ პირობებში ამყოფებს და რაიმე პრეტენზიის გამოთქმის შემთხვევაში მათ  გაგდებით ემუქრება. მანქანის ტექნიკური მომსახურეობა იქნება, გარეცხვა თუ ზეთის ჩასხმა, ყველაფერზე მძღოლმა უნდა იზრუნოს. აღარაფერს ვიტყვით ინდ. მეწარმედ დარეგისტრირების შემდეგ ბუღალტრებისთვის დამატებით გადასახდელ თანხაზე. მიუხედავად იმისა, რომ მანქანები თურქეთიდან ორწლიანი საგარანტიო მომსახურეობით ჩამოჰყავთ, მძღოლები რეალურად ამით სარგებლობას ვერ ახერხებენ და ყველაფერი მათი საყიდელია, ხელშეკრულებაში უწერიათ,  რომ ყველაფერი “ჯითი მოტორსში” უნდა შეაკეთონ, სადაც კატასტროფული ფასებია”, – აცხადებს “მძღოლი, გზა და სამართალის” პრეზიდენტი რობერტ იანტბელიძე.

ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, იმ პრობლემებს, რაც მძღოლებს და მგზავრებს ექმნებათ, საფუძვლად უდევს უკანონოდ ჩატარებული ტენდერი, რომელშიც კომპანია “თბილისის მიკროავტობუსმა” გაიმარჯვა:

“მას შემდეგ, რაც  გიგი უგალავას მეგობრების – ძმებ მერაბ და რეზო შარანგიების კომპანიამ  “თბილისის მიკროავტობუსმა” მერიის მიერ გამოცხადებულ მიკერძოებულ კონკურსში  გაიმარჯვა და მოიპოვა თბილისის  უბნებში  მგზავრთა გადაყვანის 20– წლიანი ნებართვა, “თბილისის მიკროავტობუსმა” დედაქალაქის მოსახლეობას  ჯოჯოხეთი მოუწყო. ჯერ ტარიფი გაზარდა, დღემდე კი ვერაფრით  უზრუნველყოფს მგზავრების კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას, რისი დასტურიც გადაჭედილი მიკროავტობუსებია, რითაც კომპანია ყოველდღიურად არღვევს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 127′ მუხლს – “საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვისა და ავტოსადგურის მუშაობის წესებს”, – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.

“უფლებადამცველთა გაერთიანება” და ორგანიზაცია “მძღოლი, გზა და სამართალი” თბილისის მერს, გიგი უგულავას მოუწოდებენ, ჩამოართვას “თბილისის მიკროავტობუსს” მგზავრთა გადაყვანის ნებართვა, ისინი ასევე მოუწოდებენ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს, პარლამენტში მისი დამტკიცების შემდეგ გამოიკვლიოს, თუ როგორ და რა პირობებში ჩატარდა ტენდერი თბილისის  უბნებში  მგზავრთა გადაყვანის შესახებ. 20 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე სწორედ ეს მოთხოვნები იქნება წაყენებული.

 

შეკითხვებით იმის შესახებ, თუ რატომ ექმნებათ მიკროავტობუსის მძღოლებს აღნიშნული პრობლემები, “ნეტგაზეთმა” “თბილისის მიკროავტობუსს” წერილობით მიმართა. პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი