ახალი ამბები

უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები “ციცინათელების ქვეყანაში”

18 იანვარი, 2017 • 3213
უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები “ციცინათელების ქვეყანაში”

როგორ სიკვდილს ისურვებდით? – უმტკივნეულოს – სწორედ ასე პასუხობს ამ შეკითხვას ადამიანების უმეტესობა. ადგილი, რომელიც თბილისში, სოფელ დიღომში ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვებისთვის გაიხსნა, იმისთვის იფუნქციონირებს, რომ ამ ბავშვებს ყოველდღიური ტკივილი შეუმსუბუქონ და, როგორც დაწესებულებაში მომუშავე ადამიანები ამბობენ, მათი ყოველი დღე, თუნდაც სიცოცხლის ბოლო დღეები გაალამაზონ.

ბავშვთა ჰოსპისი, სახელით “ციცინათელების ქვეყანა” 17 იანვარს საქართველოს პირველი ლედის – მაკა ჩიჩუას, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ქეთი ხუციშვილის და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის“ გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გამყრელიძის მონაწილეობით გაიხსნა. გახსნის ცერემონია ხალხმრავალი და მხიარული იყო, თუმცა იმ ადამიანების ყოველდღიურობა, რომლებმაც ამ ჰოსპისში უნდა იცხოვრონ და დრო გაატარონ, გაცილებით რთულია.

ბავშვთა ჰოსპისი სოფელ დიღომში

ბავშვთა ჰოსპისი სოფელ დიღომში

13 წლის ვაკო ჰოსპისის მომავალი ბინადარია. როგორც ვაკოს დედა – ნათია შარვაძე ამბობს, მან 5 თვის ასაკში  ვირუსული ენცეფალიტი გადაიტანა, გადარჩა, თუმცა არც სიარული შეუძლია, არც მეტყველება, ერთადერთი ცნობიერება აქვს, თუმცა გარშემო მყოფებთან კომუნიკაცია არ შეუძლია.

“ბავშვთა ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დასვეს, მენინგოენცეფალიტის შემდგომი ნარჩენი მოვლენებით და პრობლემით. მიუხედავად ამ რთული ფორმისა, არ ვიქებ თავს მაგრამ, დედა, დები, მამა ერთ გუნდად შევიკარით ოჯახში და ვთქვით, რომ მაქსიმალურად შევეცდებოდით მის ინტეგრაციას საზოგადოებაში. ჯანმრთელობის მდგომარეობა რის საშუალებასაც გვაძლევდა, ყვლაფერს ვაკეთებდით, ვცდილობდით, სტუმრადაც წაგვეყვანა, ქუჩაში გაგვესეირნებინა”.

ბავშვთა ჰოსპისი სოფელ დიღომში

ბავშვთა ჰოსპისი სოფელ დიღომში

ვაკოს 24-საათიანი ზრუნვა სჭირდება, მეტიც, 6 წლამდე, სუნთქვის პრობლემების გამო, მუდმივად სტაციონარში უწევდათ ყოფნა, როგორც ვაკოს, ისე მის დედას.

“გარეთ ემბრიონის პოზაში, ხელში დაჭერილი გამოგვყავს, ემოციის ფონზე ეტლშიც კი არ ჯდება. 10 წლის იყო, პირველად ეტლში რომ ჩაჯდა, მანამდე დღე და ღამე ხელში გვეჭირა. სასუნთქი გზების სპაზმი მოსდიოდა, როგორც კი ხელს გაუშვებდი და რკალისებურ დაჭიმულობაში გადადიოდა”,- გვიყვება ვაკოს დედა.

მისივე თქმით, ჰოსპისი ახალი იმედია – პირველ რიგში, გამოყოფს ოჯახურ გარემოს, რომელსაც ჰოსპისი იმ ბავშვებს შეუქმნის, ვინც იქ დაბინავდება, ან კვირაში რამდენიმე დღეს გაატარებს.

ბავშვთა ჰოსპისი სოფელ დიღომში

ბავშვთა ჰოსპისი სოფელ დიღომში

“არიან დედები, რომლებიც ექიმთან ვერ ახერხებენ მისვლას, მათ არ ჰყავთ შვილის დამტოვებელი, მათი შვილები საწოლზე მიჯაჭვული ან აპარატზე მიერთებული არიან. ფაქტობრივად,  დედა შეწირულია და ვერ გადის ვერსად, ზუსტად ამას გვთავაზობს ჰოსპისი, რამდენიმე დღე, გარკვეული დრო, მოიყვან  შვილს, დატოვებ აქ, მისი შვილი იქნება კომფორტში როგორც სამედიცინო, ისე რეაბილიტაცია-აბილიტაიცის კუთხით”.

ჰოსპისის უმთავრესი პირობა ოჯახური ტიპის გარემოს შექმნაა. ამიტომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ჰოსპისი მცირე ზომის, მაქსიმუმ სამსართულიან სახლებშია განთავსებული. სოფელ დიღომში განთავსებული  ჰოსპისიც რამდენიმესართულიანი სახლია, ფერადი კედლებითა და გარემოთი. საქართველოს ჰოსპისის კონცეფცია არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავლის“ მიხედვით შემუშავდა. სწორედ ამ კონცეფციის ნაწილია ჰოსპისის სახელწოდებაც.

ბავშვთა ჰოსპისი სოფელ დიღომში

ბავშვთა ჰოსპისი სოფელ დიღომში

ბავშვთა ჰოსპისის აშენების იდეა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა, რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შესწავლა.  როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე ასაკის 839 ბავშვს ესაჭიროება.

ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს განუკურნებელი და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. პალიატიური მზრუნველობა მოიცავს, როგორც დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას, ასევე ბავშვისა და ოჯახისათვის ფსიქოლოგიური და  სულიერი მხარდაჭერის გაწევას. პალიატიური მზრუნველობის საჭიროება მაშინ დგება, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ დაავადებებთან, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება.. ბავშვებში ასეთი დაავადებებია კიბოს ბოლო სტადია, დიაბეტი, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები, ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმები და სხვა.

ბავშვთა ჰოსპისი სოფელ დიღომში

ბავშვთა ჰოსპისი სოფელ დიღომში

ბავშვთვა ჰოსპისის შინ ზრუნვის სამსახურის კოორდინატორი, თამარ კვიჟინაძე განმარტავს, რომ ბავშვთა ჰოსპისს ექნება სამი მიმართულება – დღის ცენტრი, სტაციონარი (10 ბავშვზე გათვლილი), და შინ ზრუნვის კომპონენტი.  დღის ცენტრი იქნება დილიდან საღამომდე, 4-5- ბავშვი ყოველდღე.

სტაციონარში გადმოსასვლელად საჭიროა, ბავშვი გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს, მათ შორისაა სიცოცხლის ბოლო ეტაპი (end of life):

“საერთოდ ყოველ დღეს სჭირდება გალამაზება, End of Life არ არის მხოლოდ რამდენიმე საათი, ადამიანის რესურსი ამოუწურავია, მით უმეტეს, ადამიანისა, რომელსაც უნდა, რომ იცოცხლოს, ცხოვრების გალამაზება ყველას უნდა ნებისმიერ მდგომარეობაში.  ინკურაბელური პერიოდი არის პერიოდი, როდესაც უნდა დავფიქრდეთ ბევრ რამეზე და ადამიანებს მივცეთ შანსი, დარჩენილი დრო გამოიყენონ როგორც უნდათ”

ბავშვთა ჰოსპისი სოფელ დიღომში

ბავშვთა ჰოსპისი სოფელ დიღომში

ჰოსპისის მიზანია, მშობლებს, ოჯახს დაეხმაროს, მათი შვილის ჯანმრთლობის მდგომარეობის მართვა შეძლონ. კიდევ ერთი მიზანი, რომელიც ჰოსპისს აქვს, საზოგადოებაში თანაგრძნობისა და თანადგომის გაღვიძებაა, სიბრალულის ნაცვლად.

“პედიატრიულ-პალიატიური მზრუნველობა არ არის მხოლოდ პაციენტზე ორიენტირებული, ეს ასევე არის ოჯახზე ორიენტირებული მზრუნველობა. ზოგადად, თუ გვინდა პალიატიური მზრუნველობის ხარისხზე ვილაპარაკოთ, ეფექტურ მოვლაში მონაწილეობს პაციენტი, პაციენტის ოჯახის წევრი, საზოგადოება და ის მულტიდისციპლინარული გუნდი, რომელიც ჯანდაცვის სერვისს გვაწვდის,” – ამბობს თამარ კვიჟინაძე.

ჰოსპისის სერვისის ყველა კომპონენტი სრულიად უფასოა. ჰოსპისის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ინიციატივით, “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ პირველი ფინანსური შენატანით და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით დაიწყო. მას შემდეგ ჰოსპისს ასობით დონორი გამოუჩნდა რიგითი მოქალაქეების და ბიზნესკომპანიების სახით. ერთი წლის მანძილზე ჰოსპისის მშენელობისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა.

hospisi

ბავშვთა ჰოსპისი სოფელ დიღომში

ბავშვთა ჰოსპისი სოფელ დიღომში

ბავშვთა ჰოსპისი სოფელ დიღომში

ბავშვთა ჰოსპისი სოფელ დიღომში

მასალების გადაბეჭდვის წესი