ახალი ამბები

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ‘ევროპული არჩევანის’ დაფინანსებას წყვეტს

11 ოქტომბერი, 2012 •
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ‘ევროპული არჩევანის’ დაფინანსებას წყვეტს

“იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფონდთან შეუთანხმებლად დაითხოვა გადაცემის წამყვანი, ფონდი წყვეტს პროექტის თანადაფინანსებას.  ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ის პრობლემები, რომლებზეც წლების განმავლობაში ყურადღებას ამახვილებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, კერძოდ, მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვა და შრომითი კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობა.  თავის მხრივ, ფონდი განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ცვლილებები მედიის დამოუკიდებლობის  განმტკიცებისა  და შრომის კოდექსის  გაუმჯობესების მიზნით”.- აღნიშნულია ფონდის განცხდებაში. 

 

გარდა ამისა, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი  ურჩევს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ თანამშრომლებს, მიმართონ ფონდისა და ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში შექმნილ ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რათა დაიცვან თავიანთი შრომითი და სხვა უფლებები. 

 

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის აპრილიდან 2012 წლის სექტემბრის ჩათვლით ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით და თანადაფინანსებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადიოდა გადაცემა “ევროპული არჩევნი”. ეთერში უნდა გასულიყო 56 გადაცემა, ვალდებულების შესასრულებლად დარჩენილია კიდევ 7 გადაცემა. თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ  2012 წლის 9 ოქტომბრის წერილის მეშვეობით ფონდს შეატყობინა გადაცემა “ევროპული არჩევანის” წამყვანის ვახო სანაიას გათავისუფლების შესახებ.  აღნიშნული გადაწყვეტილება იყო ცალმხრივი და არ იყო ფონდთან შეთნხმებული. ზემოთ აღნიშნული მიზეზით ფონდმა პროექტის დაფინანსება შეწყვიტა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი