ახალი ამბები

დაცვის პოლიციის თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს

11 ოქტომბერი, 2012 •
დაცვის პოლიციის თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს

ისინი “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ და ამბობენ, რომ უსამსახუროდ დარჩენა ემუქრებათ.

როგორც ერთ–ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, დღეს დილით მათ მერიის სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ მათი სამსახური გაუქმებულია და იქმნება ახალი კერძო უწყება, რომელშიც სამოქალაქო პირები უნდა დასაქმდნენ, მათ უნდა გააკეთონ არჩევანი, ან დატოვონ სამსახური, ან გადავიდნენ ამ უწყებაში:

“დღეს დილას, როდესაც გვქონდა მოწმობა, მოვიდა მერიის სამსახურის წარმომადგენელი და განგვიცხადა, თუ გინდათ დარჩით ჩვენთან, ან დატოვეთ სამსახურიო. მე 22 წელი სტაჟი მაქვს, ვმუშაობ პოლიციაში, დამთავრებული მაქვს აკადემია, ვარ იურისტი, თუ დავწერ პატაკს და გადავალ ამ სასმახურში, პოლიციელი აღარ ვიქნები, ამის სურვილი არ მაქვს, თუ არ გადავალ, ოჯახი მშიერი დამრჩება”, – განაცხადა დაცვის პოლიციის ერთ–ერთმა თანამშრომელმა თეიმურაზ შაბოლაშვილმა. მისი თქმით, ოფისთან იმიტომ მივიდნენ, რომ ნახონ კომპეტენტური ადამიანი და აუხსნან მათი მდგომარეობა, რადგან უარის თქმის შემთხვვაში დაახლოებით 600 ადამიანი უმუშევარი დარჩება.

ახალი სამსახურის შექმნის შესახებ თბილისის მერის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში 9 ოქტომბერს გამოქვეყნდა. სამსახური თბილისის მერიის ობიექტების, მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების და საჭიროების შემთხვევაში თავად ქალაქის მერისა და სხვა თანამდებობის პირთა უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობაზე თავად თბილისის მერი დანიშნავს და გაათავისუფლებს

როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს,  აღნიშნული ობიექტების დაცვა ხორციელდებოდა კერძო  ორგანიზაციების მიერ  ხელშეკრულების საფუძველზე.

“ახალი სამსახურის ჩამოყალიბებით თბილისის მერია შეძლებს, თავისი სტრუქტურული ერთეულით უკეთ   მოახდინოს დაცვის ორგანიზება   და დაზოგოს საბიუჯეტო თანხები”, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

მოგვიანებით თბილისის მერიამ სამსახურის საქმიანობაში ცვლილებების თაობაზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა:

“სამსახურის შექმნის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია, ხომ არ ახდენს ამით თბილისის მერია თბილისის მერისა და სხვა თანამდებობის პირების პირადი დაცვის გაძლიერებას. გავრცელებული მოსაზრებების საპირისპიროდ, გვინდა ავღნიშნოთ, რომ თბილისის მერის პირადი დაცვა, მოქმედი კანონის შესაბამისად, სათანადო სახელმწიფო უწყებების მიერ ხორციელდება და მისი გაძლიერების საჭიროება არ არსებობს. ამასთან არც სამსახურის შექმნისას არსებობდა აღნიშნული მიზანი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გავრცელებული მოსაზრებების უარსაყოფად და ყოველგვარი გაუგებრობის აღმოფხვრის მიზნით, თბილისის მერის დავალებით უსაფრთხოების სამსახურის დებულებაში შევიდა ცვლილება, რომლითაც გაუქმდა ყველა ის ჩანაწერი, რომელიც მსგვავსი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი