ახალი ამბები

ჯეჯელავა: მეცნიერების დაფინანსება მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით ძალიან მცირეა

17 იანვარი, 2017 • 2491
ჯეჯელავა: მეცნიერების დაფინანსება მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით ძალიან მცირეა

საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეცნიერების დაფინანსება მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით ძალიან მცირეა. მინისტრის თქმით, ამის მიზეზი ის მცდარი შეხედულება გახდა, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის მეცნიერების დაფინანსება ფუფუნებაა:

“მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით და რაღაც ნაბიჯები გადავდგით. თუმცა, ამ ტემპით რომ გავაგრძელოთ ჩვენი მეცნიერების დაფინანსება, ადეკვატურ დონეს მიაღწევს მრავალი წლის შემდეგ, რაც არ არის მისაღები. სამწუხაროდ, ეს იმიტომ მოხდა ნაწილობრივ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის რაღაც ეტაპზე ჩაითვალა, რომ მეცნიერება არის ფუფუნება და ღარიბი ქვეყნებისთვის შეუძლებელია, რომ თავის თავს მეცნიერების დაფინანსების უფლება მისცენ, რაც არის სტრატეგიული შეცდომა, რადგან სწორედ ღარიბი ქვეყნის შანსია და ჩვენნაირი ქვეყნის, რომელსაც აქვს ბრწყინვალე სამეცნიერო ტრადიციები, რომ ცოტა, მაგრამ ძალიან ჭკვიანი და მშრომელი ხალხით მივაღწიოთ მნიშვნელოვან შედეგებს სწორედ კვლევისა და ინოვაციის მეშვეობით,” – თქვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

ჯეჯელავას თქმით, იმისათვის, რომ მოხდეს ქვეყანაში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, ამისთვის საჭიროა, დაფინანსება სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამების მეშვეობით მოხდეს. მინისტრის თქმით, ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა “ჰორიზონტი 2020”:

“ჰორიზონტი არის საკმაოდ მასშტაბური პროგრამა 80-მილიარდიანი 2020 წლის ჩათვლით, რომელიც აფინანსებს მეცნიერებას. ჩვენთვის ეს არის შესაძლებლობა, მოვიზიდოთ ქართულ მეცნიერებაში გაზრდილი დაფინანსება. პირველი ეტაპი იყო შარშან, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი “ჰორიზონტი 2020-ის” პროექტთან” – თქვა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისი თქმით, გასულ წელს ამ პროგრამით ქართველმა მეცნიერებმა დაახლოებით მილიონნახევარი ევროს მოცულობის დაფინანსება მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი