ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, 14 იანვარს ჩეჩნეთში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომელთაც ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოსთვის” (ISIS) ბრძოლაში სდებენ ბრალს. სპეცოპერაციისას დაიღუპა 4 ადამიანი. კადიროვის თქმითვე, 14 იანვრის სპეცოპერაცია, რომლის დროსაც დააკავეს “ISIS-ის მებრძოლები”, ბოლო წლებში ჩეჩნეთის მასშტაბით ყველაზე ფართომასშტაბიანი იყო.
რამზან კადიროვმა “ინსტაგრამზე” დაწერა, რომ მათ მიზანში ამოიღეს დაჯგუფება, რომელსაც სირიაში მყოფი ჩეჩნური წარმოშობის მილიტანტები მართავდნენ. “ამ დროისათვის ჯგუფი განეიტრალებულია, 50-ზე მეტი მონაწილე პოლიციის განყოფილებებშია გადაყვანილი”, – თქვა კადიროვმა.
სააგენტო “ინტერფაქსის” ინფორმაციით, სპეცოპერაციები ჩატარდა კურჩალოევსკისა და შალინსკის რეგიონებში, ასევე, დედაქალაქ გროზნოში. როგორც კადიროვი წერს, სპეცოპერაციისას დააკავეს იმრან დაცაევი, რომელიც დაჯგუფების ლიდერადაა მიჩნეული. გამოცემა “კავკაზსკი უზელის” (Caucasian Knot) ინფორმაციით, ჯგუფს, სამართალდამცავების ბრალდებით, დაგეგმილი ჰქონდა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელება.
საბჭოთა კავშირის დაშლის (1991) შემდეგ რუსეთს ჩეჩნეთში ორი ომი ჰქონდა სეპარატისტების წინააღმდეგ, ძირითადად, მუსლიმებით დასახლებულ ავტონომიურ რესპუბლიკაში. რეგიონს ახლა რამზან კადიროვი მართავს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთგულია. სამოქალაქო აქტივისტები მას ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაში სდებენ ბრალს.
როგორც “როიტერსი” წერს, ჩრდილოეთ კავკასიაში უსაფრთხოების მიმართულებით სიტუაცია არასტაბილური რჩება, რაც ახალგაზრდების ნაწილს რადიკალიზაციისაკენ უბიძგებს, რასაც უმუშევრობა და კორუფცია უწყობს ხელს.