მერია უსაფრთხოების სამსახურის შექმნის შესახებ განმარტებას აკეთებს

თბილისის მერია დღეს, 10 ოქტომბერს, განცხადებით გამოეხმაურა თბილისის მერის, გიგი უგულავას ბრძანებით დედაქალაქში ახალი სამსახურის შექმნას,  რომელმაც თბილისის მერიის ობიექტების, მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების და საჭიროების შემთხვევაში თავად ქალაქის მერისა და სხვა თანამდებობის პირთა უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. 

მერიის განმარტებით, აღნიშნული ობიექტების დაცვა ხორციელდებოდა კერძო  ორგანიზაციების მიერ  ხელშეკრულების საფუძველზე.

 

“ახალი სამსახურის ჩამოყალიბებით თბილისის მერია შეძლებს თავისი სტრუქტურული ერთეულით უკეთ   მოახდინოს დაცვის ორგანიზება   და დაზოგოს საბიუჯეტო თანხები”, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

 

9 ოქტომბერს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურს შეეძლება მასში შემავალი განყოფილებების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება, თბილისის მერიის ორგანიზებით გასამართი ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამების შემუშავება, საცნობარო მასალის შეგროვება, ბაღებში, სკვერებში, პარკებში, მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებში არეულობის ან სხვა სახის სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით სწრაფი რეაგირების მოხდენა, ასევე მერის, მისი მოადგილეების, მერიის ადმინისტრაციის უფროსის მიერ დელეგირებული ფუნქციების განხორციელება.

 

სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობაზე თავად თბილისის მერი დანიშნავს და გაათავისუფლებს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge