ახალი ამბები

ყოფილი ნაციონალები თბილისის საკრებულოში ახალ ფრაქციას ქმნიან

16 იანვარი, 2017 • 6847
ყოფილი ნაციონალები თბილისის საკრებულოში ახალ ფრაქციას ქმნიან

მიხეილ სააკაშვილთან და მასთან აფილირებულ ჯგუფთან დაპირისპირების გამო ენმ–დან ბოკერია–ბაქრაძე–უგულავას ჯგუფის გასვლის შემდეგ დედაქალაქის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია ორად გაიყო.

თბილისის საკრებულოს ენმ–ის ფრაქციაში დარჩნენ ირაკლი ნადირაძე, თემურ გრიგალაშვილი, მარიკა თადუკიშვილი. ხოლო “ევროპული საქართველოს” ახალ ფრაქციაში იმუშავებენ მამუკა ახვლედიანი, დავით ავალიანი, თამაზ შოშიაშვილი. საკრებულოში ენმ–ის ფრაქციას ირაკლი ნადირაძე, ხოლო ფრაქცია “თბილისს” მამუკა ახვლედიანი უხელმძღვანელებენ.

“ჩვენმა რამდენიმე კოლეგამ დატოვა ენმ და შეუერთდა გიგა ბოკერიას მცირე ჯგუფს. შესაბამისად, ახალი სახით ჩამოყალიბდა ენმ, ახალი შემადგენლობით. ენმ საკრებულოშიც და საქართველოშიც კვლავ ვრჩევით მთავარ ოპოზიციურ ძალად და ვაგრძელებთ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ,” – ამბობს ირაკლი ნადირაძე.

მამუკა ახვლედიანი კი აცხადებს, რომ პარტიაში დარჩენა ან გასვლა არის პოლიტიკური სიმპათიების საკითხი: “ეს არის საკითხი პოლიტიკური ხედვისა, თუმცა ძირეული თემები და საკითხები, ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენ გვექნება ერთი – ეს იქნება ბრძოლა უკეთესი თბილისისათვის.”

ენმ–ის კიდევ ერთი წევრი, სევდია უგრეხელიძე დამოუკიდებლად აგრძელებს თბილისის საკრებულოში მუშაობას. როგორც დეპუტატმა დღეს საკრებულოში ჟურნალისტებს განუცხადა, ხანგრძლივი კონსულტაციები მხოლოდ საკუთარ თავთან ჰქონდა და გაუძნელდა გადაწყვეტილების მიღება.

“ჩემთვის საწყენი და ძალიან გულსატკენია, საერთო ღირებულების და ამოცანების მიუხედავად, მაინც დადგა განცალკევების საკითხი. ჩემთვის სრულად გაუგებარია ოპოზიციური პოლიტიკური ძალის დანაწევრება პრაქტიკული განსხვავებების ან პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ვინაიდან ერთი რომელიმე მხარის არჩევა ამ პირობებში ნიშნავს მეორესთან დაპირისპირებას, რისთვისაც პირადად მე არავითარი საფუძველი გამაჩნია, ამიტომ არც ერთ ფრაქციაში გავერთიანდები და ვრჩები საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად,” – ამბობს სევდია უგრეხელიძე, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებს.

ვინაიდან ენმ–ს ორი ფრაქცია აქამდეც ჰყავდა თბილისის საკრებულოში, მათი კვოტები არ შეიცვლება სხვადასხვა კომისიებში. პროცედურის თანახმად, საკრებულოში ფრაქციის შესაქმნელად საჭიროა სამი დეპუტატი, ხოლო ნაციონალური მოძრაობა აქამდე შვიდი დეპუტატით იყო საკრებულოში წარმოდგენილი. თბილისის საკრებულოში ორი ფრაქციის ახალი კონფიგურაციის შესახებ ოფიციალური განცხადებების შეტანის შემდეგ საკითხს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ და ამავე თარიღით მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

ირაკლი ნადირაძე (ენმ), მამუკა ახვლედიანი (ევროპული საქართველო) და სევდია უგრეხელიძე (დამოუკიდებელი დეპუტატი).

ირაკლი ნადირაძე (ენმ), მამუკა ახვლედიანი (ევროპული საქართველო) და სევდია უგრეხელიძე (დამოუკიდებელი დეპუტატი).

მასალების გადაბეჭდვის წესი