ახალი ამბები

ძაღლების ორთაბრძოლის ამსახველ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

16 იანვარი, 2017 • 6216
ძაღლების ორთაბრძოლის ამსახველ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

“ფეისბუკში” ძაღლების ორთაბრძოლის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. როგორც ვიდემასალის აღწერაშია მითითებული, ის მესტიაშია გადაღებული.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ათობით ადამიანი, რომლებიც ძაღლების ორთაბრძოლას შეძახილებისა და ოვაციების ფონზე აკვირდებიან. ვიდეოს ბოლოს ძაღლებს ერთმანეთისგან აცალკევებენ. როგორ დასრულდა ორთაბრძოლა და როგორია ჩხუბში მონაწილე ძაღლების მდგომარეობა – ამ კითხვებით “ნეტგაზეთმა” ვიდეოს ავტორთან დაკავშირება სცადა, თუმცა პასუხების მიღებას ამ დრომდე ველოდებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც ცხოველის სიცოცხლის მოსპობა ან დასახიჩრება გამოიწვია. უწყებაში ჯერ არ აკონკრეტებენ, მოეწყო თუ არაძაღლების ორთაბრძოლა თანხის სანაცვლოდ და ამბობენ, რომ საქმის გარემოებებს გამოძიება დაადგენს.

სქრინი "ფეისბუქში" გავრცელებული ვიდეოდან, რომელიც ძაღლების ორთაბრძოლას ასახავს.

სქრინი “ფეისბუქში” გავრცელებული ვიდეოდან, რომელიც ძაღლების ორთაბრძოლას ასახავს.

ფაქტმა ინტერნეტმომხმარებლების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ცხოველთა ორთაბრძოლის ორგანიზატორთა დასჯის მოთხოვნით 17 იანვარს კანცელარიასთან აქციის მოწყობაც დაიგეგმა.

“მსგავსი ფაქტი, სამწუხაროდ, არაერთხელ მომხდარა და რეაგირება ყოველთვის არის ნული, სოციალუირ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც პირუტყვები არაადამიანურად ეპყრობიან ცხოველებს და ამ ყველაფერს შინაგან საქმეთა სამინისტრო ისე გაატარებს, როგორც არაფერი, გეგონება, არაფერი არ მომხდარიყოს და ეს ჩვენი ინდიფერენტიზმის ბრალი იქნება! როცა არსებობს კანონი, ის კანონი უნდა კანონობდეს, მას ძალა უნდა ჰქონდეს, ძალას კი კანონებს ჩვენ ვაძლევთ, ეს მთავრობა კი ჩვენი დაქირავებულია, ჩვენ ვუხდით მათ ხელფასს, ჰოდა, ნება იბოძონ და ის არაადამიანები სათანადოდ დასაჯონ. აქ მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არაა საუბარი, აქ ჩვენ დამოკიდებულებაშია პრობლემა. თუ გვინდა, ოდესმე დავემსგავსოთ ნორმალურ ქვეყანას, ამ ყველაფერზე უნდა გვქონდეს სათანადო რეაგირება,” – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი